საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ოცნების მიერ ოფშორების კანონის მიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი დაჩქარებული წესით განხილვა აჩენს ეჭვს, რომ მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა.
"გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ხშირად იყენებენ ოფშორული კომპანიების პრაქტიკას და არსებული საკანონმდებლო ცვლილებით, მათაც მიეცემათ საშუალება თავისი აქტივები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით გადმოიტანონ. ასევე, რადგანაც საგადასახადო შეღავათი ვრცელდება ოფშორული კომპანიის კუთვნილი საქონლის იმპორტზე, ეს ასევე შეეხება ისეთ საქონელს, რომელიც შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან - მაგალითად, მაღალი ღირებულებისა და ფუფუნების საგნებს, როგორიც ხელოვნების ნიმუშებია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა.
სწორედ ოფშორული კომპანიების გაუმჭვირვალობის გამო, ჩვენი ორგანიზაცია წლებია ითხოვს, შეიქმნას ოფშორული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი, რაც ამ კომპანიების ანონიმურად მფლობელობიდან გამომდინარე რისკებს შეამცირებდა. ანონიმური მფლობელობა თავის მხრივ კორუფციის, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების რისკს ზრდის.
თუმცა, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არ იმუშავა და ოფშორული კომპანიებიდან მომავალი რისკებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც „რუსული კანონის“ მიღების გამო ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების დასავლეთის ქვეყნებიდან სანქცირების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში არ არის არგუმენტები, თუ რატომ იყო აუცილებელი არსებული ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა. ტექნიკურად, ამ თემის ინიციირება მოხდა ერთ პაკეტში ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის ინიციატივასთან ერთად და დაჩქარებულად წესით განხილვის არგუმენტი სწორედ დავალიანების ჩამოწერის ნაწილზეა მოყვანილი და არა ოფშორული კომპანიების ნაწილზე.
ეს ინიციატივა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე და მისთვის სასურველი კანონების დამტკიცება როგორ ხდება დაჩქარებული გზით, საკითხზე ფართო მსჯელობის გარეშე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად ოფშორული კომპანიები მიმზიდველია საეჭვო წარმომავლობის აქტივების მქონე პირებისთვის და თუკი საქართველო, ოფშორიდან აქტივების გადმოტანის ხელშემწყობ რეჟიმს აამოქმედებს, ამასთან ერთად გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი უნდა დააწესოს. საჯარო უნდა იყოს იმ პირების ვინაობა, ვინც ოფშორებიდან საქართველოში აქტივებს გადმოიტანს"- ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:
ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთანაა დაკავშირებული.