
არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ევროპული ორბიტის, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმე დარღვევებით დაიწყო.
ანგარიშში წერია, რომ ოკმელაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე არის მაგალითი იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილის საქმე დაჩქარებულად, 3 დღის განმავლობაშია გამოძიებული.
"სისხლის სამართლის საქმე გამოძიებულია დაჩქარებულად, ფაქტობრივად სამ დღეში. გამოძიებას აწარმოებდა უპრეცედენტოდ ბევრი - 15 გამომძიებელი (ამ რაოდენობის გამომძიებელი, როგორც წესი, ჩართულია მრავალეპიზოდიანი ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების საქმეებში). სამ დღეში ჩატარებულია 60-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ძალიან კარგად აჩვენებს საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სახელისუფლებო მედიის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მოქმედებას პოლიტიკური ნების/მითითების არსებობისას - როგორ ჩქარდება გადაწვეტილებების მიღება საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურაში, სასამართლოში, საექსპერტო დაწესებულებაში და როგორ მიმდინარეობს კოორდინაცია უწყებებს შორის ოფიციალური არხების მიღმა.
გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თვალნათლივ აჩვენებს, რომ პროკურატურა ვერ ასრულებს საგამოძიებო ორგანოზე მონიტორინგის ფუნქციას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა. პროკურორს არ გაუუქმებია გამომძიებლის არცერთი უკანონო გადაწყვეტილება (რაც აღნიშნულ საქმეში მრავლადაა). უფრო მეტიც, პროკურორს მიმართული აქვს სასამართლოსთვის გამომძიებლის მიერ ჩატარებული უკანონო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის მოთხოვნით", - წერია ანგარიშში.
საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ეს საქმე არის კარგი ილუსტრაცია იმისა, როგორ ვერ ასრულებს სასამართლო საგამოძიებო ორგანოებზე, პროკურატურაზე მაკონტროლებლის როლს და არის პროკურატურის შუამდგომლობების უპირობოდ დამკმაყოფილებელი, მაშინაც კი როცა ეს შუამდგომლობები არც დასაბუთებული, არც სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისია და ეფუძნება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
"ეს სისხლის სამართლის საქმე არის სახელმწიფოს მიერ მისი უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითი. საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურისა და სასამართლოს დახმარებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და გიორგი ოკმელაშვილის კომპანიის საქმიანობის შეჩერების მიზნით ამოიღო კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიებამ ასევე, ამოიღო ბრალდებულის ავტომანქანა. ამოღებულ ნივთებს არავითარი მტკციებულებითი ღირებულება არ ჰქონდა იმ ბრალდებისთვის, რომელსაც პროკურატურა გიორგი ოკმელაშვილს ედავებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, მასიურად ჩატარებულია სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გვერდის ავლით (გამოძიება საქართველოში იწარმოება სპეციალურ ელექრტონულ პროგრამაში, სადაც რთულია წარმოებული დოკუმენტების გადაკეთება/თარიღის ჩასწორება). გამოძიების ძველი მეთოდით (ქაღალდზე) წარმოება, იძლევა გამოძიების ფალსიფიცირების მეტ შესაძლებლობას. ასეთი გამონაკლისები, როგორც წესი დაშვებულია მაშინ, როცა საგამოძიებო/საპროცესო მოქმდებების ოქმებში მითითებული თარიღები და საათები არ ასახავს რეალურ დროს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშში მოხსენიებულია კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორი დარღვევები გამოვლინდა ოკმელაშვილის საქმეში.
"გამოძიების დაწყების შესახებ ,,დაზარალებული“ პოლიციელის დაგვიანებული მიმართვა საგამოძიებო ორგანოს:
,,დაზარალებულმა“ პოლიციის თანამშრომელმა საგამოძიებო ორგანოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ აცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ მეორე დღეს, 14 მაისს. პოლიციის თანამშრომელი წერილობითი განცხადებაში აღნიშნავს, რომ 13 მაისს, დილის საათებში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იდაყვი დაარტყა სახის არეში.
,,დაზარალებული“ პოლიციელის საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის დროისთვის საგამოძიებო ორგანოს უკვე ჩატარებული ჰქონდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები ამოცნობის მიზნით გაგზავნილი ჰქონდა შს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში.
მოწმეთა ჩვენებების იდენტურობა, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული დროების წინააღმდეგობა სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის 14 მაისს საგამოძიებო ორგანო (ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო) წერილობით მიმართავს შს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ დანაყოფს და უგზავნის გიორგი ოკმელაშვილის ფოტოებს მისი ვინაობის დადგენის მიზნით.
სწორედ ამ წერილის საფუძველზე ჩნდებიან სისხლის სამართლის საქმეში მოწმე პოლიციელები. სულ მოწმის სახით გამოკითხულია პოლიციის ოთხი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი დაზარალებულადაა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ შს სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფისთვის გაგზავნილ წერილს თან ერთვოდა 14 მაისს, 16:10-16:25 საათებში, თბილისში, გულუას ქუჩა 10-ში ჩატარებული ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის შედგენისას გაკეთებული გიორგი ოკმელაშვილის ფოტოების ე.წ. ,,სქრინშოთები“.
პოლიციისთანამშრომელიშ.ზ.-სგამოკითხვა - 2024 წლის 14 მაისს საგამოძიებო ორგანოს მიერ შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაგზავნილი წერილის საპასუხოდ,ამავე დღეს (14 მაისს) ძველი თბილისის მთავარი სამმართველოდან საგამოძიებო ორგანოში იგზავნება წერილი, რომ შ.ზ.-მ ამოიცნო (დააინდეტიფიცირა) ფოტოზე აღბეჭდილი პირი და იგი იყო გიორგი ოკმელაშვილი.
შ.ზ. მოწმის სახით გამოიკითხა 14 მაისს, 17:00-17:20 საათის პერიოდში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (დიღომში). საფუძვლიან კითხვის ნიშნებს ბადებს გამოკითხვის ოქმში მითითებული საათის რეალურობა, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების მიერ ,,სქრინშოთების“ გაკეთებიდან (16:25 საათიდან) ნახევარ საათში განხორციელებულია 6 საპროცესო მოქმედება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია:
1 - საგამოძიებო ორგანომ მოამზადა წერილი და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები იდენტიფიცირების მიზნით გაუგზავნა შს სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებს;
2 - ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წერილები გადანაწილდა პოლიციის თანამშრომლებზე გაცნობის მიზნით;
3 - შ.ზ. გაეცნო წერილს და მოამზადა საპასუხო წერილი, რომ მან ამოიცნო გიორგი ოკმელაშვილი;
4 - შ.ზ.-ს ხელმძღვანელმა თავის მხრივ მოამზადა მეორე წერილი და ეს ამბავი აცნობა საგამოძიებო ორგანოს;
5 - საგამოძიებო ორგანომ მოწმის სახით დაიბარა შ.ზ.;
6 - შ.ზ. გამოკითხვისთვის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოდან (რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზეა) გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (დიღმის მასივში).
პოლიციისთანამშრომლებისჯ.ბ.-სდალ.ჭ.სგამოკითხვა - 2024 წლის 14 მაისს საგამოძიებო ორგანოს მიერ შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაგზავნილი წერილის საპასუხოდ,ამავე დღეს (14 მაისს) კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოდან საგამოძიებო ორგანოში იგზავნება წერილი, რომ საგარეჯოს სამმართველოს ორ თანამშრომელს ლ.ჭ.-ს და ჯ.ბ.-ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შეუძლიათ ინფორმაციის მოწოდება. სისხლის სამართლის საქმეს თან ერთვის აღნიშნული ორი პოლიციელის აბსოლუტურად იდენტური შინაარსის პატაკები (იდენტურია აბზაცები, წერტილი, მძიმე, შინაარსი).
ჯ.ბ. და ლ.ჭ. მოწმის სახით გამოკითხვისას განმარტეს, რომ 14 მაისს, სამსახურში მოვალეობის შესრულებისას, დაეწერათ სამსახურებრივი ბარათი. მისი გაცნობისას ამოიცნეს მამაკაცი, რომელმაც ფიზიკური ძალადობა განახორციელა პოლიციელზე.
ჯ.ბ.-ს გამოკითხვა დაიწყო 14 მაისს, 17:05 საათზე, ხოლო ლ.ჭ.-ს 14 მაისს, 17:07-ზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (დიღომში). საფუძვლიან კითხვის ნიშნებს ბადებს საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებული დროების რეალურობა, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების მიერ გიორგი ოკმელაშვილის ფოტოების ,,სქრინშოთების“ გაკეთებიდან (16:25 საათიდან) 40 წუთში განხორციელებულია შემდეგი მოქმედებები, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია:
1 - საგამოძიებო ორგანომ მოამზადა წერილი და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები იდენტიფიცირების მიზნით გაუგზავნა შს სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებს;
2 - ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წერილები გადანაწილდა პოლიციის თანამშრომლებზე გაცნობის მიზნით;
3 - ჯ.ბ. და ლ.ჭ. გაეცნენ წერილს და მოამზადეს პატაკები, რომ ისინი ფლობდნენ გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას;
4 - ჯ.ბ.-ს- და ლ.ჭ.-ს ხელმძღვანელმა თავის მხრივ მოამზადა წერილი და ეს ამბავი აცნობა საგამოძიებო ორგანოს;
5 - საგამოძიებო ორგანომ მოწმის სახით დაიბარა ჯ.ბ. და ლ.ჭ.;
6 - ზემოაღნიშნული მოწმეებიდან ერთი საგარეჯოდან, ხოლო მეორე იორმუღანლოდან გამოკითხვის მიზნით გამოცხადნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (დიღმის მასივში).
დაზარალებულადცნობილიპოლიციისთანამშრომლისგამოკითხვა ა.ო. - მოწმე პოლიციელი ჯ.ბ და დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი ა.ო. აბსოლუტურად იდენტურად აღწერენ გიორგი ოკმელაშვილს: ,,დაახლოებით 40-43 წლის მამაკაცი; სიმაღლე 175-180 სმ, სრული აღნაგობის, მუქი ფერის საშუალოზე გრძელი თმით, სქელი სახის ნაკვთები, სქელი ცხვირით, მუქი ფერის გრძელი წვერი, მომწვანო-მონაცრისფრო ფერი ქურთუკი“.
უკანონოდ ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობები
გიორგი ოკმელაშვილის ფოტოსურათით ამოცნობები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია სამი ამოცნობა, ფოტოსურათით. კერძოდ, გიორგი ოკმელაშვილის ფოტო ამოსაცნობად წარედგინა სამ პოლიციელს. სამივე შემთხვევაში ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარების საფუძვლად მითითებულია, რომ ,,უცნობია გიორგი ოკმელაშვილის ადგილსამყოფელი“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან.
სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ შეუძლებელი იყო გიორგი ოკმელაშვილის პირადად წარდგენა ამოსაცნობად ან ეს დაკავშირებული იყო არაგონივრულ ძალისხმევასთან. საქმეში არ ჩანს ამოცნობაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გიორგი ოკმელაშვილთან დაკავშირების, მისი ძებნის მცდელობა ან/და გიორგი ოკმელაშვილის მიერ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარის თქმის ფაქტი.ეს იმ ფონზე, როცა დაკავების მიზნით გიორგი ოკმელაშვილის პოვნა გამომძიებელმა შეძლო დაუყოვნებლივ (გიორგი ოკმელაშვილის დაკავების შესახებ პროკურორის შუამდგომლობა სასამართლოს ჩაბარდა 2024 წლის 15 მაისს, 11:18 საათზე, ხოლო გიორგი ოკმელაშვილი დაკავებული იქნა ამავე დღეს 16:19 საათზე, თბილისში).
ამოცნობამდე, ორ ამომცნობ პირს (პოლიციელს) ნანახი ჰქონდა გიორგი ოკმელაშვილის ფოტო და ამოცნობილი ჰყავდათ იგი. კერძოდ, 13 მაისს, საგამოძიებო ორგანოს მიერ შსს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ერთეულს გაეგზავნა გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები და ეთხოვათ წარედგინათ იგი ყველა თანამშრომლისთვის ხომ არ ფლობდნენ ინფორმაციას მის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია ორი ამომცნობი პოლიციელის პატაკი (პატაკები დაწერილია ამოცნობის ჩატარებამდე), სადაც ისინი აღნიშნავენ რომ ფოტოზე აღბეჭდილი პირი 13 მაისს თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს.
აღსანიშნავია, რომ მაშინ როცა ფოტოსურათით ამოცნობები ჩატარებულია სამი სხვადასხვა გამომძიებლის მიერ, ზუსტად ერთი და იგივე დროს, სამივე ამოსაცნობი პირი, ამოცნობის ოქმებში იდენტურად, ერთი და იგივე სიტყვებითა და ნიშნებით აღწერენ გიორგი ოკმელაშვილის გარეგნობას და იმ მახასიათებლებს, რომლითაც იგი ამოიცნეს:
ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ,,სქელი სახის ნაკვთებით და ტუჩებით, მუქი ფერის თვალებით, სქელი კეხიანი ცხვირით, შავი ფერის გრძელი წვერით, საერთო იერსახით“.
ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ,,სქელი სახის ნაკვთებით, სქელი კეხიანი ცხვირით, ტუჩებით, შავი ფერის გრძელი წვერით, მუქი ფერის თვალებითა და საერთო იერსახით“.
ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ,,სქელი სახის ნაკვთებით და ტუჩებით, სქელი კეხიანი ცხვირით, შავი ფერის გრძელი წვერით, საერთო იერსახით“.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოლიციელების ჩვენებებიც იდენტურია, სადაც ისინი აღწერენ გიორგი ოკმელაშვილს.
უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკა, ამოღებები
სისხლის სამართლის საქმეში პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებები ჩხრეკებისა და ამოღებების შესახებ დაუსაბუთებელიადა არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს - მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული მოთხოვნის არგუმენტაცია. 112-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების შესახებ სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს გადაუდებლად, სასამართლოს განჩინების გარეშე. გადაუდებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის მოთხოვნით პროკურორმა უნდა მიმართოს სასამართლოს და უნდა გადასცეს მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. ასევე, 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში ყველა ამოღებული ნივთი, საგანი, ობიექტი უნდა აღიწეროს ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით.
გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურამ სასამართლოს სულ წარუდგინა 11 შუამდგომლობა: 5 შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად წინასწარი ნებართვის გაცემის შესახებ (3 შუამდგომლობა შეეხება ინფორმაციის გამოთხოვას, ერთი ბრალდებულის პირად ჩხრეკას, ხოლო ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას); 4 შუამდგომლობა გადაუდებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ (გადაუდებლად ჩატარებული იქნა ბრალდებულის ოფისის ჩხრეკა, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკა, ბრალდებულის ავტომანქანის ამოღება, პოლიციის თანამშრომლისგან საწვიმარის ამოღება); ერთი შუამდგომლობა ბრალდებულის დაკავების შესახებ; ერთი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ არსებობდა გადაუდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება/საფუძვლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არათუ გადაუდებლად, საერთოდ არ არსებობდა ამოღების საფუძველი. ასევე, არც ერთ დადგენილებაში არ არის მითითებული კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, რა გახდა საგამოძიებო მოქმედებების გადაუდებლად ჩატარების საფუძველი. არის მხოლოდ ზოგადი, შაბლონური მითითება, ერთი და იგივე ტექსტით, რომ დაყოვნება შეუძლებელს გახდიდა მტკიცებულებების მოპოვებას ან განადგურდებოდა მტკიცებულებები. კერძოდ:
რაც შეეხება პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობებს, ისინი არ არის დასაბუთებული და კანონმდებლობის შესაბამისი:
აღნიშნული სისხლის სამართლის პროკურორია - ანი ხუბეჯაშვილი
მოსამართლეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები:
მოსამართლე, რომელმაც საქმე არსებითად განიხილა - გიორგი გელაშვილი.