
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მათე დევიძის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
2024 წლის ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
განცხადება სრულად:
"21 წლის მათე დევიძეს ივანიშვილის სასამართლო საქართველოს სიყვარულისთვის სჯის.
დღეს ივანიშვილის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათე დევიძე ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.
საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი.
ამ და სხვა საქმეებში აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი პარტია იყენებს ძალოვან და სასამართლო სისტემას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, ადამიანების დაშინებისთვის, საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დევნისთვის, ადამიანების უფლებების შელახვისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის გასანადგურებლად.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ შეურიგდნენ ამ გამაოგნებელ უსამართლობას. საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ჩვენი სამშობლოს მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ გავიმარჯვებთ!", - ვკითხულობთ განცხადებაში.