TI მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სიას აქვეყნებს

TI მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სიას აქვეყნებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, მათი მიზანია, შექმნან მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი.

ორგანიზაციის ცნობით, სიაში შესულია 224 მაღალი დონის კორუფციის შემთხვევა, რომელშიც სულ მცირე 207 მაღალი რანგის თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის: 16 მოსამართლე, პარლამენტის 37 წევრი, მთავრობის 34 წევრი, 62 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი.

TI-ის ცნობით, სიაში შესულია სავარაუდო კორუფციის ის შემთხვევები:

  • რომლებშიც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები
  • სადაც გამოკვეთილია ქმედება, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,
  • რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ.

ბოლოს დამატებული შემთხვევები:

2025 წელი

  • შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის დაუსაბუთებელი ქონება და დამალული ბიზნესი

გამოძიების მიხედვით, გიორგი იოსებიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ქონების დაგროვება მოახერხა, რისი დიდი ნაწილიც პენსიონერი მშობლების სახელზე დაარეგისტრირა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იოსებიძის შემოსავალი მხოლოდ ხელფასია, რაც არ უნდა ყოფილიყო საკმარისი ამ ქონების შესაძენად. ამასთან, პენსიონერი მამის სახელზე ასევე რეგისტრირებულია დაცვის კომპანია, რაც გამოძიების ვარაუდით, ასევე გიორგი იოსებიძეს ეკუთვნის.

წყარო: ტვ პირველი - 08.03.2025

  • „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის დაუსაბუთებელი ქონება

გამოძიების მიხედვით, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბოლო წლებში დიდ თანხებს ხარჯავს ძვირადღირებული დიზაინერული სამოსისა და უძრავი ქონების შესაძენად, რასაც ის ვერ უნდა ახერხებდეს მისი ოფიციალური საჯარო მოხელის შემოსავლით.

წყარო: ტვ პირველი - 22.02.2025

  • ყოფილი მოსამართლე „კაბელების საქმის“ განხილვის დროს მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს

ყოფილმა მოსამართლემ დავით ჯუღელმა განაცხადა, რომ ე.წ. „კაბელების საქმის“ განხილვის დროს მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით. „იყო მუქარა, თხოვნა, მოსყიდვის მცდელობა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი“. ჯუღელის თქმით, ზეწოლა მოდიოდა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მხრიდან.

წყარო: ტვ პირველი - 13.02.2025

  • მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენის სავარაუდო კორუფცია

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე, რომელიც მჭიდრო კავშირშია „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, ამ ურთიერთობების გამოყენებით ახერხებს განსაკუთრებული პრივილეგიების მიღებას თბილისში მისი ერთ-ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტის სასარგებლოს. უფრო კონკრეტულად, ნამორაძეს მოეხსნა მანამდე არსებული ვალდებულება, აეშენებინა ისტორიული სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობა; უნივერსიტეტის ნაცვლად მას მრავალსართულიანი შენობის აგების ნებართვა მიენიჭა.

წყარო: ტვ პირველი - 01.02.2025

  • აჭარის პოლიციის უფროსის დაუსაბუთებელი ქონება

აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაშია მხილებული, სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონების მფლობელია. გამოძიების მიხედვით, მაშინ, როდესაც გრიგოლ ბესელიას თავის სახელზე არ აქვს უძრავი ქონება, ხოლო ქონებრივ დეკლარაციაში მოკრძალებულ შემოსავალს უთითებს, ის ახერხებს, რომ გაურკვეველი წყაროდან დააფინანსოს ძვირადღირებული ორსართულიანი სახლის მშენებლობაში, რომელიც პენსიონერი მამის სახელზეა რეგისტრირებული.

წყარო: ტვ პირველი - 25.01.2025

  • ბათუმის პოლიციის უფროსის დამალული ბიზნესი

გამოძიების მიხედვით, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაშია მხილებული, სავარაუდოდ არღვევს საჯარო მოხელეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს მეწარმეობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, გამოძიების მიხედვით, დგებუაძე ბათუმში ორ ღამის კლუბს ფლობს, რომლებიც მისი შეყვარებულის სახელზეა რეგისტრირებული.

წყარო: ტვ პირველი - 18.01.2025

2024 წელი

  • შსს-ს მინისტრის მოადგილის სავარაუდო ნეპოტიზმი

გამოძიების მიხედვით, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ სავარაუდოდ ბოროტად გამოიყენა მისი თანამდებობა, რათა საჯარო სამსახურში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ისე სხვა სახელმწიფო უწყებებში, კონკურსის გარეშე დაენიშნა ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ცოლი, ძმა, ბიძაშვილი, მამიდა, ბიძა და მამა.

წყარო: ტვ პირველი - 21.12.2024

  • არჩევნების გაყალბება: მამხილებელი აღწერს „კარუსელის“ სქემას

2024 წლის ნოემბრის ბოლოს, მოქალაქე გოჩა ჩალაური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად აღწერს, თუ როგორ მონაწილეობდა კარგად ორგანიზებულ მასობრივ სქემაში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მრავალჯერად ხმის მიცემას გულისხმობდა. მისი თქმით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილდებოდა 4 ადამიანისგან შემდგარი 120-130 მანქანა. ეს ადამიანები სხვების პირადობის ნომრების გამოყენებით აძლევდნენ ხმას. გოჩა ჩალაურის თქმით, მან თავად 30-ჯერ მისცა ხმა.

წყარო: მთავარი - 24.11.2024

  • ლენტეხის მერმა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა საკუთარი ცოლის კომპანიაზე გასცა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი ინტერესთა კონფლიქტის სკანდალში გაეხვა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მან თავისი კომპანიის 67%-იანი წილი კანონიერად გადააფორმა ცოლზე, გამოძიებამ აჩვენა, რომ ონიანი კვლავ აქტიურად არის ჩართული კომპანიის მართვაში, რაც კანონდარღვევაა. მან პირადად გასცა მისი ცოლის კომპანიაზე სამსართულიანი, 18-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა.

წყარო: OCCRP - 22.11.2024; აიფაქტი - 22.11.2024

  • 29 ჰესი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიზნესმენმა კოკა კოკოლაშვილმა, რომელსაც ნათესაური კავშირი გააჩნია ბიძინა ივანიშვილთან (ის ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმაა), ქვეყნის მასშტაბით 29 ჰესის მშენებლობის ექსკლუზიური ნებართვა მიიღო. კოკოლაშვილი, რომელიც ადრე სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ფინანსური დირექტორი იყო, საჩუქრად მიიღო ორი კომპანია, რომლებმაც რამდენიმე თვეში მიიღეს აღნიშნული ნებართვები. მთავრობა ვალდებულებას იღებს ზოგიერთი ამ ობიექტის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შეძენაზე განსაზღვრულ ფასად 15 წლის განმავლობაში მათი ამოქმედების შემდეგ.

წყარო: OCCRP - 16.11.2024; სტუდია მონიტორი - 16.11.2024

  • არჩევნების გაყალბება: „ქოლ-ცენტრები“ ამომრჩეველთა უკანონო მობილიზაციისთვის

გამოძიებამ გამოავლინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში დაახლოებით 3,000 „ქოლ-ცენტრი“ შექმნა. თითოეული ცენტრი, რომელიც საარჩევნო უბნებთან ახლოს იყო განთავსებული, შედგებოდა დაახლოებით ოთხი ადამიანისგან, მათ შორის ოპერატორებისა და „კაპიტნისგან“. ამ ცენტრების მიზანი იყო ამომრჩეველთა მობილიზაცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მათთან პირდაპირი კონტაქტის გზით. გამოძიებამ წარმოადგინა მტკიცებულებები, მათ შორის გაჟონილი ფაილები, აუდიოჩანაწერები და პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემები, რაც მიუთითებს ამომრჩეველთა პირადი მონაცემების უკანონო შეგროვებასა და დამუშავებაზე, სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყებების დახმარებით.

წყარო: ტვ პირველი - 11.11.2024

  • გამოვლენილია „ქართული ოცნების“ ქოლ ცენტრების საიდუმლო ქსელი საარჩევნო მანიპულაციისთვის

გამოძიების თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მმართველმა პარტიამ შექმნა ფარული საკომუნიკაციო ცენტრების ქსელი ამომრჩეველთა აქტივობის კონტროლისა და მართვის მიზნით. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, 50 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებდა, თითოეული მათგანი „კაპიტნის“ მეთვალყურეობის ქვეშ, სადაც ოპერატორები სატელეფონო და კომპიუტერული მონაცემების დამუშავებით იყვნენ დაკავებული. ამ ცენტრებს რეალურ დროში მიეწოდებოდა ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სახელები და პირადი საიდენტიფიკაციო ნომრები, რომლებიც შემდეგ ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში შეჰქონდათ. აღნიშნული ოპერაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევისა და მმართველი პარტიის მიერ შესაძლო საარჩევნო მანიპულაციის კუთხით.

წყარო: სტუდია მონიტორი - 08.11.2024

  • არჩევნების გაყალბება: „კარუსელი“, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება

ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა არჩევნების გაყალბების რამდენიმე სქემა. გამოძიება ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „კარუსელზე“, როდესაც პირები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მრავალჯერ აძლევდნენ ხმას. საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვასა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. გამოვლინდა კონკრეტული შემთხვევები, სადაც ამომრჩევლებს სთავაზობდნენ მატერიალურ სარგებელს ხმის სანაცვლოდ, ასევე იყო ფაქტები, როდესაც პირები იძულებულნი იყვნენ დაეჭირათ მხარი მმართველი პარტიისთვის.

წყარო: ტვ პირველი - 06.11.2024, 06.11.2024

  • არჩევნების გაყალბება: არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ შეძლო არჩევნების გაყალბების მასობრივი, კოორდინირებული სქემის გამოვლენა. სქემის მომზადების ეტაპი მოიცავდა საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორების შერჩევის პროცედურის შეცვლას, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებას და პირადობების ჩამორთმევას. არჩევნების დღეს, გაყალბებაში ჩართული პირები იყენებდნენ სხვა პირების პირად ნომრებს ან პირადობის მოწმობების ასლებს, რათა მრავალჯერ მიეცათ ხმა. მათ დახმარებას უწევდნენ რეგისტრატორები, რომლებიც სწრაფად ამუშავებდნენ მათ მონაცემებს და სათანადოდ არ უკეთებდნენ მარკირებას.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ჩემი ხმა“ - 28.10.2024

  • ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ

გამოძიების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანის ბიზნესში ჩართული რამდენიმე პირი ზეწოლაში, ძალადობაში და ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს ზურაბ გონაშვილს, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს.

წყარო: რადიო თავისუფლება - 10.10.2024

  • სავარაუდო ნეპოტიზმისა და კორუფცია ქუთაისის მუნიციპალიტეტში

ჟურნალისტური გამოძიება ავლენს ქუთაისის საკრებულოში ნეპოტიზმისა და კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. ლევან სანიკიძე, საკრებულოს ყოფილი წევრი და იმერეთის გუბერნატორის მოქმედი მოადგილე, დაკავშირებულია კომპანია "დინასთან", რომელიც მისი ცოლისა და სიდედრის საკუთრებაა; კომპანიამ სანიკიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამ წელიწადში დაახლოებით 23 მილიონი ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მოიგო. კიდევ ერთი შემთხვევა ეხება ქუთაისის საკრებულოს წევრ ამირან კოპალეიშვილს: მას შემდეგ რაც ის 2017 წელს საკრებულოს წევრი გახდა, მამამისის კომპანიამ 30 მილიონ ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო. გარდა ამისა, პაატა (ტატო) ლილუაშვილი, სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, დაინიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

წყარო: სტუდიო მონიტორი - 07.09.2024

  • ნეპოტიზმი პროკურატურაში

გამოძიების მიხედვით, გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნებმა შესაძლოა თავიანთი გავლენა და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, რათა ნეპოტიზმის გზით ოჯახის წევრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დაესაქმებინათ. გამოძიება რამდენიმე ასეთ შემთხვევას ასახელებს, სადაც მაღალი თანამდებობის პროკურორების კარიერულ წინსვლას ემთხვევა მათი ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება.

წყარო: სტუდიო მონიტორი - 10.08.2024

  • ყოფილი მოსამართლე მმართველი პარტიიდან მომდინარე სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მას დაემუქრნენ, რომ „ტვინს გაასხმევინებდნენ“, თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე არ გამოიტანდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურდა.

წყარო: ფორმულა - 28.05.2024

  • 2 მლნ ლარზე მეტი მმართველი პარტიას 9 თვეში და სანაცვლოდ მიღებული სარგებელი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დაადგინა, რომ აჭარაში მმართველი პარტიის დამფინანსებელ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556 090 031 ლარზე მეტი და 3 000 000 კვ. მ-ზე მეტ ფართობზე სამშენებლო ნებართვები მიიღეს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დელეგატის, ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას კომპანიებმა ბოლო 12 წელიწადში 457 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა მიიღეს, მათ შორის 300 მილიონამდე ლარი უკონკურენტო, კონკურენტების დისკვალიფიკაციის და გამარტივებული შესყიდვების პირობებში. ჯამში ჭყონიასგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან მმართველმა პარტიამ 1,5 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 03.10.2024.

  • მმართველი პარტიის ფინანსური მხარდაჭერა სამშენებლო ნებართვების სანაცვლოდ

ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ” შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965,000 ათასი ლარი მიიღო, მათ შორის 230,000 ლარი - მხოლოდ 2024 წელს. ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 26.09.2024.

  • როგორ ხეირობენ ბიუჯეტის ფულით „ქართული ოცნების“ დონორი მსხვილი მეღვინეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოში ღვინის ბაზრის მთავარი მოთამაშეები მმართველ პარტიასთან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ერთის მხრივ, ეს კომპანიები ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ ათობით მილიონ ლარის სუბსიდიებს და სანაცვლოდ, მათი მფლობელები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან. მაგალითად, 2017-2023 წლებში, სახელმწიფოს აგრო პროექტებიდან ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა 169 მლნ ლარის დაფინანსება მიიღეს, საიდანაც 74 მლნ ლარი იმ კომპანიებზე განაწილდა, რომელთა მფლობელებს და/ან მმართველებს „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 6.1 მლნ ლარი აქვთ შეწირული. ამასთან, სახელმწიფოსგან 11.5 მლნ ლარის სუბსიდია მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთა მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და პარლამენტარი ზაალ დუგლაძე არიან.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 17.09.2024.

  • მმართველი პარტიის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს

„ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი ბიზნესმენი, ალექსანდრე ბაღათურია, ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. ბათუმის მერიამ ბაღათურია კომპანიას „შპს ახალი ბულვარი“ 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, უკანონოდ აგრძელებს.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 06.09.2024.

  • სავარაუდო კორუფცია ჯანდაცვის სამინისტროში

გამომძიებელ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ელექტრონული მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების ნაწილი სახელმწიფო დაფინანსებას გავლენიანი პირების (მათ შორის მინისტრები, პარლამენტის წევრები, ასევე სასულიერო პირები) შუამდგომლობის შემდეგ იღებდნენ. მაგალითად, 2019 წლის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელისგან, ხათუნა ჩაჩავასგან სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე იღებს 2 ფაილს, ერთ-ერთი სახელწოდებით „თხოვნები“, და რომელსაც იგი შემდეგ მაშინდელ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უგზავნის. სამინისტროს მაღალჩინოსნები ამ მიმოწერების სინამდვილეს არ ადასტურებენ.

წყარო: ტვ პირველი - 28.09.2024.

  • პრემიერ-მინისტრის 1.2 მლნ ღირებულების მანქანა ემსახურება

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 400 000 ევროდ ღირებულების (დაახლ. 1,2 მლნ ლარი) მანქანით გადაადგილდება. ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა. ჩუბინიძის განმარტებით, მანქანა მაღალი რანგის უცხოელ სტუმრებს და საჭიროების შემთხვევაში პრემიერსაც ემსახურება.

წყარო: ტვ პირველი - 28.09.2024.

  • დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძის მიერ მოგებული ტენდერები

ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძემ, ალექსანდრე ამისულაშვილმა, რამდენიმე მილიონიანი ტენდერები მოიგო საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის, თუმცა სამუშაოები დადგენილ ვადებში არ შესრულდა. სიუჟეტის მიხედვით, ტენდერის თანხის ნაწილის ჩარიცხვის შემდეგ, ამისულაშვილმა და მისმა პარტნიორებმა კომპანია გააჩუქეს.

წყარო: ტვ პირველი - 14.09.2024.

  • პარტიული აქტივის დასაქმების სქემა რეგიონებში

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს ხელისუფლების მიერ რეგიონებში „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის დასაქმების სქემას ქუთაისში, ბორჯომში, ახალციხესა და გორში. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს სქემა, თუ როგორ ხდება მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმება სხვადასხვა მუნიციპალურ იურიდიულ პირებში, რომლებზეც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.

წყარო: სტუდია მონიტორი - 20.07.2024.

  • როგორ იქცა სამთავრობო ა(ა)იპ-ი „დასაქმების კანტორად“

„აი, ფაქტის“ გამოძიება აჩვენებს ხელისუფლების მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხალხის გამოგონილ პოზიციებზე დასაქმების მაგალითებს იმერეთში. მთავრობა ბიუჯეტის ხარჯზე, შტატებს ხელოვნურად ზრდის და საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს აძლიერებს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს 8 პირი, რომლებიც მერიის ა(ა)იპ-ების პარალელურად, საარჩევნო კომისიებშიც საქმდებიან, რაც აჩენს რისკს, რომ პარტიის მიერ დასაქმებულები, არჩევნებზე პარტიის მითითებებს შეასრულებენ.

წყარო: აი, ფაქტი/ifact.ge - 25.05.2024.

  • როგორ დაარღვია კანონი ბაგა-ბაღების სააგენტომ

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, თუ როგორ ატარებს ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტო. გამოძიების მიხედვით, სააგენტომ დამალა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ტენდერის ბედი უნდა გადაეწყვიტა და როგორც ჩანს, იგი კონკრეტულ კომპანიას (შპს კვებას) გამარჯვებაში ეხმარებოდა.

წყარო: რადიო თავისუფლება - 29.03.2024.

  • სახელმწიფო კონტრაქტები მუნიციპალური თანამდებობის პირის ოჯახის წევრს

მუნიციპალური სახელმწიფო კომპანია შპს ბორჯომის კეთილმოწყობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯემალ გოგოლაძის, შვილმა 2019-2024 წლებში, ბორჯომის მერიისა და მისი იურიდიული პირებისგან 800 568 ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო. ზურაბ გოგოლაძემ თანხის 100% უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით და პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 04.09.2024.

  • სავარაუდო კორუფცია სახელმწიფო შესყიდვებში

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატის აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის, სერგო შუღაროვის, კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 40,7 მილიონი ლარი მიიღეს. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის. ალადაშვილი 2021 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრია და 2016 წლიდან - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ალადაშვილმა და შუღაროვმა ჯამში მმართველი პარტიას 100 000 ლარი შეწირეს.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 30.08.2024.

  • მმართველი პარტიის შემწირველის სახელმწიფო შესყიდვები ბორჯომში

„ქართული ოცნების“ შემწირველ ვახტანგ კაპანაძის კომპანია შპს მშენებელი 2012-მა, 2012–2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 15 ლარზე მეტი მიიღო. აქედან, 72.1% უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით. ვახტანგ კაპანაძის შვილს, ნოდარ კაპანაძეს ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 08.08.2024.

  • ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის, სავარაუდოდ, დაუსაბუთებელი და არადეკლარირებული ქონება: მათ შორის, ძვირადღირებული სახლი ქ. მადრიდში, ესპანეთში, უძრავი ქონება საქართველოში. მიქაუტაძის დეკლარაციაში სრულად არ არის ასახული შემოსავალი, ხარჯები და ძვირადღირებული მოძრავი ქონება, მათ შორის შვილების ევროპაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები. ჟურნალისტურ გამოძიებაში იკვეთება თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებისა და ზეგავლენით ვაჭრობის სავარაუდო კორუფციული დარღვევები.

წყარო: სტუდია მონიტორი - 06.04.2024.

  • ვანო ჩხარტიშვილის თამბაქოს ბიზნესზე მორგებული კანონპროექტი

2024 წლის 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ერთდროულად სამ საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს და მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. კანონპროექტით თამბაქოს ნედლეულზე აქციზი განახევრდება, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 25 მილიონამდე ლარს დაკარგავს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის კომპანია სს თბილისის თამბაქო-სთვისაა ხელსაყრელი. ჩხარტიშვილი 2018 წლის 17 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერშიც ფიგურირებს, რომელიც საქართველოში თამბაქოს ბაზრის განაწილების სქემას ეხება. ამ ჩანაწერის ავთენტურობა პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია.

წყარო: სტუდია მონიტორი - 18.05.2024; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 26.09.2018.

  • „ინტელექტის ოკუპაცია“

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) წინააღმდეგ პროცესებს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოადგილე და მმართველი პარტიის იდეოლოგად ცნობილი - ლაშა ნაცვლიშვილი მართავს. გეგმის მიხედვით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) უნდა ჩაენაცვლებინა ახლად შექმნილ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას (GERA/IPOA), რომელსაც კავშირები რუსეთთან აქვს. ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების სხვადასხვა შტო. როგორც ირკვევა, რუსეთის ავტორთა საზოგადოება (RAO) სანქციებისგან თავის არიდებისთვის GERA/IPOA-ს საბანკო ანგარიშის გამოყენებას გეგმავდა.

წყარო: სტუდია მონიტორი - 13.04.2024, სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება - 17.06.2023.

  • მთავრობამ „ოცნების“ დეპუტატის კომპანიებს 5 მილიონი ლარი აპატია

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ „ქართული ოცნების“ დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანის კომპანიებს რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერა. შპს ბევრილი ჯგუფსა და შპს გრანდე ჯგუფს ბიუჯეტის სასარგებლოდ 6 მლნ ლარზე მეტის გადახდა დაეკისრათ, თუმცა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ეს თანხა 610 ათას ლარამდე შემცირდა. დეპუტატის მტკიცებით, მას გავლენები არ გამოუყენებია დაკისრებული თანხის შესამცირებლად.

გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ჩანქსელიანმა თავისი ბიზნეს წილები მართვის უფლებით არ გადასცა სხვა პირს, რაც თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობაა.

წყარო: რადიო თავისუფლება - 08.03.2024.

  • სარგებელი ხმის სანაცვლოდ

2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასურველი წევრების არჩევა ოპოზიციის დახმარებით შეძლო. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცა. კენჭისყრიდან ორ დღეში მთავრობამ გააუქმა საპრივატიზებო პირობები ხაბულიანისთვის საინტერესო ორ ნაკვეთზე და მის კომპანიას წარსულში ჩამორთმეული სახელმწიფო ქონება უკან 1 ლარად დაუბრუნა.

წყარო: აი, ფაქტი/ifact - 22.04.2024.

  • ანზორ ჩუბინიძის თევზის ბიზნესი

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს კახეთში თევზის ბიზნესი აქვს. გამოძიების მიხედვით, მიწების ნაწილი ფიქტიურადაა გაფორმებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელ გიორგი მახარობლიშვილზე და რეალურად ჩუბინიძეს ეკუთვნის. ჟურნალისტთან ინტერვიუში, ჩუბინიძე ადასტურებს, რომ მახარობლიშვილი მისი სანდო პირია და ბიზნესიდან შემოსავალსაც იღებს.

წყარო: ტვ პირველი - 06.07.2024.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ბიზნესები და ქონება

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე, კანონის დარღვევით, თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა. ღამბაშიძეს აქვს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ბიზნესები. კომპანია შპს ბი-ემ-სი გეზს 2018 წლის შემდეგ არ აქვს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგება, რაც კანონდარღვევაა. ღამბაშიძე, სავარაუდოდ, მის თანამდებობასა და გავლენებს საკუთარი ბიზნესის საკეთილდღეოდ, ბოროტად იყენებს.

წყარო: ტვ პირველი - 22.06.2024.

  • სავარაუდო კორუფციული სქემა იუსტიციის თანამშრომლების მონაწილეობით

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედი თანამშრომლები ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, არჩილ ობგაიძე და მისი მეუღლე, სააგენტოს იურისტი, ნუცა კანტიძე, სავარაუდოდ, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ერთი და იმავე პროექტით, სკოლის აშენების ცრუ მოტივით, უცვლიან სტატუსს, სკოლების ნაცვლად სახლებს აშენებენ და ყიდიან. რეესტრის თანამშრომლების მეჯვარე, საჯარო რეესტრის სააგენტოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილია, რომელიც შესაძლოა ამ სქემას მფარველობდეს.

წყარო: ტვ პირველი - 22.06.2024.

  • ღარიბაშვილის ცოლის ძმის ჰესების ბიზნესი

პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, მთავრობის 3 განკარგულებით მაშავერას ხეობაში, ჰესების ასაშენებლად, 11 ჰა მიწა 49 წლით გადაეცა კომპანია შპს მომავლის ენერგიას, რომლის მეწილეც მეორე დღეს გახდა ალექსანდრე თამაზაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი. ჰესების მშენებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაქალაქარს და ხეობის ისტორიულ ძეგლებს. საინტერესოა, რომ მთავრობასა და კომპანიას შორის ჰესების მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მოეწერა.

წყარო: ტვ პირველი - 15.06.2024.

  • კახა კალაძის დაუდეკლარირებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს თბილისის მერის, კახა კალაძის, საათების კოლექციას, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს სცდება და რომლებიც თანამდებობის პირის მიერ შევსებულ არც ერთ დეკლარაციაში არ არის მითითებული. დეკლარაციაში არ არის მითითებული არც მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული ძვირადღირებული აქსესუარები.

წყარო: ტვ პირველი - 27.07.2024.

  • სავარაუდო კორუფცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სავარაუდო კორუფციული ნიშნები გამოიკვეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე კომპანიის მიერ მიღებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომლებიც სამშენებლო ან/და გზის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. ისინი დაკავშირებულნი არიან მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან, და/ან არიან პოლიტიკური შემწირველებიც. მაგალითად, შპს „ლიდერი+“-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ბაია კვიციანის ძმაა. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37 232 754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 01.07.2024.

  • საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში

აჭარაში თანამდებობის პირებთან, ძმებ აკაკი, როლანდ და რაულ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია შპს ესია ჯგუფმა 2021-2024 წლებში 5 344 077 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. ეს თანხა კომპანიამ ან ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულებით, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებით მიიღო.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 14.06.2023, 19.03.2024.

  • ადიგენის მერთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული შემთხვევა

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის, ძმა ერთ-ერთია იმ 5 ბიზნესმენს შორის, რომელმაც ადიგენის მერიასთან ერთად ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდი” დააფუძნა. ლევან ქიმაძეს ადიგენის მუნიციპალური ააიპ-ებიდან 2013-2023 წლებში შესყიდვებით 1 287 209 ლარი აქვს მიღებული. მერის მეორე ძმას, ჯემალ ქიმაძეს მეოთხე წელია ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის პოზიცია უკავია.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 05.04.2024.

  • მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მიქაუტაძის მილიონიან ქონებას. მიქაუტაძის ქონების ღირებულება სცდება მის ოფიციალურ შემოსავალს. მიქაუტაძემ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2022-2023 წლებში დედამ 150 000 აშშ დოლარი აჩუქა. როგორც გაირკვა, მოსამართლის მიერ წარდგენილი ცნობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს დედამისის მიერ კონკრეტული კომპანიისგან მიღებულ შემოსავალს, შეუსაბამოა ამავე კომპანიის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებთან.

წყარო: ტვ პირველი - 09.03.2024, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 02.04.2024

  • პოლიცია და სასამართლო აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების სამსახურში

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სქემას, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება პოლიციასა და სასამართლოს აქტივისტების წინააღმდეგ. სიუჟეტში განხილულია 5 საქმე, როცა პოლიციამ აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ დააკავა, ცრუ ჩვენებების საფუძველზე და შემდეგ ისინი სასამართლომ, ობიექტური მტკიცებულებების უგულებელყოფით, სამართალდამრღვევად ცნო. ამ საქმეების განხილვის ეტაპზე მოსამართლეები ნინო შჩერბაკოვი და კობა ჩაგუნავა გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნულნი. 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

წყარო: სტუდია მონიტორი - 22.02.2024; ნეტგაზეთი - 02.02.2024.

  • თბილისის ვიცე-მერის ქონება

თბილისის ვიცე-მერს ქონებრივი დეკლარაციის თანახმად სახლი არ აქვს, თუმცა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ირაკლი ხმალაძე ფეშენებელურ პენტჰაუზში კრწანისის ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს. ეს კომპლექსი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს ეკუთვნის. ნამორაძემ კრწანისი ვილა რეზიდენსის მშენებლობა უნებართვოდ 2015 წელს დაიწყო, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ მრავალბინიანი სახლების მშენებლობის უფლება მოიპოვა. მას შემდეგ ნამორაძემ თბილისის მერიისგან არაერთი პრობლემური ნებართვაც მიიღო. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხმალაძის დეკლარაციაში სხვა დარღვევებიც გვხვდება.

წყარო: სტუდია მონიტორი - 02.03.2024.

  • სახელმწიფო ქონება და დაფინანსება უჩა მამაცაშვილის სიძეს

საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმამ ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან 189 000 კვ.მ მიწა კვადრატული 60 თეთრად მთავრობის განკარგულებით მიიღო. კოკა კოკოლაშვილის კომპანია „ბლუ ფილდმა“ 250 000 ლარი სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტროს „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში.

წყარო: ტვ პირველი - 02.03.2024.

  • კახა კალაძის მეჯვარის მიერ მოგებული უკონკურენტო და უპირობო აუქციონი

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით რეაბილიტირებული 4 ისტორიული შენობა „გუდიაშვილის მოედანზე“, უკონკურენტო და უპირობო აუქციონის გზით საბოლოოდ ქ. თბილისი მერის, კახა კალაძის მეჯვარის, ივლიანე წულაიას ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში აღმოჩნდა.

წყარო: სტუდია მონიტორი- 27.04.2024.

  • სავარაუდო კორუფცია, „მბრუნავი კარი“ და რუსული ინტერესები დაცულ ტერიტორიებში

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სავარაუდო კორუფციულ სქემას, როგორ აღმოჩნდა სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული დაცული ტერიტორიები კომპანიასთან, რომლის მეწილეებიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთთან კავშირების მქონე, რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე არიან.

წყარო: მთის ამბები - 30.03.2024.

  • მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუდეკლარირებელი და დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე კახეთში, ალაზნის ველიდან რამდენიმე კილომეტრში 170 ჰა მიწას ფლობს, რომელიც ახლობლის, თამთა მიქანაძის სახელზე აქვს რეგისტრირებული. თამთა მიქანაძის სახელზეა 120 კვ.მ ბინა იპოდრომთან, რაც, გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ, ასევე მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეიძინა.

წყარო: სტუდია მონიტორი - 01.06.2024.

  • პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ტყე და მამულები 1 ლარად

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავი აარიდა ბიუჯეტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. პაპუაშვილმა კახეთში, მდინარე ალაზნის პირას 100 ათასი კვ.მ ტყე 1 ლარად თავისი ბიძაშვილისგან გადმოიფორმა. კანონმდებლობით, ბიძაშვილებს ჩუქება რომ გაეფორმებინათ და არა 1 ლარად ნასყიდობა, პაპუაშვილი, როგორც საჩუქრის მიმღები, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარებოდა, რომელიც საბაზრო ფასთან მიმართებით დაახლოებით 200 ათასი ლარი იქნებოდა.

წყარო: მთის ამბები - 28.04.2024.

  • პარლამენტის ყოფილი წევრის სახელმწიფო შესყიდვები

პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო. ხაბულიანის კომპანიას მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

ხაბულიანმა და მისმა ოჯახმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ 398 000 ლარი გაიღეს.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 01.03.2024.

  • ხობის მერიის სავარაუდოდ მორგებული ტენდერი

ხობის მერიამ 2024 წლის 17 იანვარს 6 სხვადასხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 10 818 151 ლარია. მერიის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები კონკურენციას ზღუდავს და სავარაუდოდ, მორგებულია სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია სს არქეოპოლისზე. ხობის მერიის 2023 წლის იანვარში გამოცხადებულ მსგავს ტენდერში სს არქეოპოლისმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 26.02.2024.

  • ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის უძრავ ქონებას. მისი ოჯახი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში რამდენიმე ბინას ფლობს. ცესკოში მუშაობის პერიოდში მან მიწები შეიძინა ბაზალეთზე და დუშეთში. კალანდარიშვილს რამდენიმე ბინა ოჯახის წევრების სახელზე აქვს რეგისტრირებული, რომელიც მისივე თქმით, მას ეკუთვნის. ცესკო-ს თავმჯდომარის მეუღლე, სალომე ჩიკვილაძე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკშია დასაქმებული.

წყარო: ტვ პირველი - 02.03.2024.

  • ნეპოტიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროში

საგამოძიებო სიუჟეტი აჩვენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებს. ჟურნალისტთან საუბარში, მღებრიშვილმა დაადასტურა, რომ მისი უფროსად დანიშვნის შემდეგ ამავე უწყებაში დასაქმდა მისი ახლო ნათესავი, თუმცა როგორც მათ აღნიშნა, კონკურსის წესით.

საჯარო სექტორში არიან დასაქმებული მღებრიშვილის ოჯახის წევრებიც: მეუღლე, ნანა ფეიქრიშვილი, სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოში, ხოლო შვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.

წყარო: ტვ პირველი - 10.02.2024.

  • სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და დანახარჯები ერთმანეთს არ შეესაბამება. ლევან გამყრელიძემ 2023 წელს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება შეიძინა და მეუღლესთან ერთად 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დახარჯა, შემოსავლის სახით კი, მხოლოდ 104 775 ლარი მიიღო.

წყარო: ბათუმელები - 05.02.2024.

  • მიტაცებული ტყეები

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სავარაუდო კორუფციულ სქემას, თუ როგორ იღებენ თბილისის ყველაზე პრესტიჟულ სატყეო ზონებსა და მწვანე სივრცეში მშენებლობის ნებართვებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და მმართველი პარტიის შემწირველები. პირველ ეტაპზე თბილისის სატყეო და სარეკრეაციო ზონებში თბილისის საკრებულო ტერიტორიებს ზონალურ სტატუსს უცვლის, შემდეგ კი მერია მშენებლობის ნებართვებს გასცემს.

სპეციალისტების შეფასებით ამ ტერიტორიებზე გაჩეხილი ტყე და დაკარგული რეკრეაციული სივრცეები სტიქიური უბედურებების შემთხვევების რისკს ზრდის.

წყარო: სტუდია მონიტორი - 03.02.2024.

  • თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან დაკავშირებული ნეპოტიზმი და დაუსაბუთებელი ქონება

თავდაცვის მინისტრის [უკვე ყოფილი] მოადგილის შვილმა აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქ. ბალტიმორში სახლი 205 000 აშშ დოლარად იყიდა. სიუჟეტით ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის შვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. თორნიკე ჩიქოვანი დედასთან ერთად ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ხოლო 2021 წლიდან - თავდაცვის სამინისტროში გადავიდა, მას მერე, რაც ლელა ჩიქოვანიც ამ უწყებაში გადავიდა. 2022 წლიდან მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით თორნიკე ჩიქოვანი ქ. ნიუ-იორკში მიავლინეს.

სიუჟეტში ნაჩვენებია ჩიქოვანებს მიერ იძულებით აღსრულების აუქციონზე ქონებების შეძენის საეჭვო შემთხვევებიც.

წყარო: ტვ პირველი - 27.01.2024.

  • ბიზნესის რეკეტი ბიძინა ივანიშვილის სახელით და ოთარ ფარცხალაძის შესრულებით

საგამოძიებო სიუჟეტი აჩვენებს ოთარ ფარცხალაძის მიერ აზარტული თამაშების ბიზნესის რეკეტის სქემას. მამხილებელი მამუკა ქუნთელია კრისტალბეთის ყოფილი მეწილეა, რომელმაც კუთვნილი 10%-იანი წილი ოთარ ფარცხალაძის უშუალო მოთხოვნისა და ზეწოლის შემდეგ დათმო. პირველ ეტაპზე მას ფარცხალაძის სახელით სთხოვდნენ ბიზნესში წილის დათმობას, ხოლო შემდეგ საქმეში პირადად ფარცხალაძეც ჩაერთო. ფარცხალაძე მას არწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დავალებით კეთდებოდა. საბოლოოდ, 2019 წელს ქუთელიამ საკუთარი წილები დათმო. საქმეში ფიგურირებენ ამჟამად სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

წყარო: ტვ პირველი - 27.01.2024.

  • შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელშეუხებელი სიძე

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს სასამართლო სხდომის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პატრულ-ინსპექტორმა ანდრია სიხარულიძემ გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა ვახტანგ გომელაურის სიძეს, ზობა მიხანაშვილს, რის გამოც სიხარულიძეზე ჯერ ზეწოლა განხორციელდა, მოგვიანებით კი დაიჭირეს.

მინისტრის სიძესთან მომხდარი ინციდენტიდან თვენახევარში ანდრია სიხარულიძე შსს გენერალურმა ინსპექციამ 300 ლ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სიხარულიძეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საქმის მთავარი მოწმე აგენტ-პროვოკატორია. როგორც სასამართლო სხდომის ჩანაწერიდან ირკვევა, ტაქსის მძღოლი, რომელიც საქმეში მოწმედ ფიგურირებდა, მალე პოლიციაში დასაქმდა.

ოჯახის მტკიცებით დაკავების შემდეგ, სიხარულიძეზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს.

წყარო: ტვ პირველი - 20.01.2024.

სრული კვლევა, რომელიც გასულ წლებსაც მოიცავს, იხილეთ ბმულზე.