საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ამერიკული სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო.
2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. სანქციის დაწესების მიზეზი გახდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ.
TI-ის თანახმად, რამდენიმე დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო.
"მედიაში უკვე გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: სს „ატუ ჰოლდინგი“, სს „ტერა“, სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“. ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ.
გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან.
29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა).
მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“. მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერდა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, დიდი ალბათობით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის საჭიროებებს იყო მორგებული.
აღსანიშნავია, რომ გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ.ჯამში ამ კომპანიების განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარს შეადგენს", - აცხადებენ TI-ში.
ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდგომი მოქმედებები
31 დეკემბერი 2024: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა.
22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“. 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს „ატუ ჰოლდინგს“.
28 იანვარს „ატუ ჰოლდინგს“ ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 შპს: შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“.
31 დეკემბერი 2024: შპს „ტერა“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 2025 წლის 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა:
20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის (GCF Luxembourg SARL) გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა:
20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“.
27 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ჯი სი ეფ საქართველო“.
28 იანვარი 2025: უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32,087,800 ლარს.
20 იანვარს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის, მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ აშშ-ს მიერ პირადად ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქცია რეალურად მის ოჯახის წევრებსაც შეეხო – შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა ივანიშვილების ოჯახს ანგარიშები გაუყინა – რის გამოც ის ჩივილს აპირებს.