
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქციაზე ნაცემი და დაკავებული ამერიკელი იურისტის, აშშ-ის და საქართველოს მოქალაქის, თედ ჯონასის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა თედ ჯონასის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე. თუმცა, უკვე ერთ წელზე მეტია გასული და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის.
სწორედ ამიტომ მივმართავთ სტრასბურგს და დავიცავთ თედის უფლებებს. ის უკვე 30 წელია იმყოფება საქართველოში და ჩართულია მრავალ მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის ბიზნესის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნისა და გარემოს დაცვის მიმართულებით", - თქვა პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა გიგაურმა.
თედ ჯონასს 2024 წლის 30 აპრილის - 1 მაისის ღამეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით ის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
ორგანიზაციის განცხაებით, ჯონასზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოში ერთი წელია უშედეგოდ მიმდინარეობს.