საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი 16 წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ მას არცერთი საქმე არ განუხილავს, თუმცა 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო.
გარდა ამისა, TI აღნიშნავს, რომ დანარჩენ წლებშიც მიხეილ ჩინჩალაძე თვეში საშუალოდ მხოლოდ 2 საქმეს განიხილავდა მაშინ, როდესაც სხვა მოსამართლეებს წლის განმავლობაში ასობით საქმის განხილვა უწევთ. მაგალითისთვის, 2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილული საქმეების საშუალო მაჩვენებელი 273 იყო.
"მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა ე.წ. კლანის ხელმძღვანელი და აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლეა. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძე კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს, რასაც სასამართლო კლანი და ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება. არადა, ეს შემოწმება აუცილებელი წინაპირობაა, რათა საქართველომ შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
გასული წლის აპრილში შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.