რუსეთმა ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.
"ამჟამად ლეგიონის 70-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაუსწრებლად არის გასამართლებული.
დადგინდა, რომ 2014 წელს, მამულაშვილმა შექმნა ქართული ლეგიონი და წევრები საქართველოდან აიყვანა, რათა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.
29 ივნისს, რუსეთის საგამოძიებო კომისიამ 33 ქვეყნის 160 მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის არიან ქართველი სამხედროები.
ამის შემდეგ, ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ "ინტენსიურად მიდის თანამშრომლობა" რუსეთის სპეცსამსახურებსა და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს შორის. მისი თქმით, 1 წლის წინ რუსულ მხარეს სავარაუდოდ, 30-33 ქართველ მებრძოლზე ჰქონდათ ინფორმაცია, დღეს კი ეს რიცხვი 125-მდე გაიზარდა.