Sky News: ტრამპმა მელონისთან პუტინთან შეხვედრის რომში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა

Sky News: ტრამპმა მელონისთან პუტინთან შეხვედრის რომში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა

Sky News იტალიის მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ ჯიორჯია მელონისთან განიხილა, თუ არის შესაძლებელი ვლადიმირ პუტინთან გასამართლი შეხვედრის რომში ჩატარება.

წყარომ გამოცემას ასევე უთხრა, რომ თუ ტრამპი და პუტინი რომში შეხვდებიან, ეს სავარაუდოდ, ვატიკანში მოხდება.

ამასთანავე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Sky News-ს განუცხადა, რომ სადაც არ უნდა გაგრძელდეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური დიალოგი, "იტალია მზად იქნება გულწრფელად და კონსტრუქციულად დაუჭიროს მხარი ამ პროცესს."

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების ადგილად იტალია, კერძოდ ვატიკანი შეირჩევა, წამოიჭრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კრემლის ლიდერის დაპატიმრების ორდერის საკითხი. რადგანაც, არსებული წესების მიხედვით, თუ პუტინი იტალიაში ჩავა, ქვეყანა ვალდებული იქნება დააკავოს ის.

როგორც Fox News წერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შესაძლოა მომდევნო კვირას, კერძოდ, 11 აგვისტოს გაიმართოს.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის სავარაუდო ადგილად რომი განიხილება.

"მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია", - წერს გამოცემა.

პარალელურად, რუსული პროპაგანდისტული მედია TASS წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შეხვედრა რომში არ გაიმართება.

რუსული პროპაგანდისტული მედიები შეხვედრის სავარაუდო ადგილად, ძირითადად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ასახელებენ.