SJC: ოცნება ადმინისტრაციულ დაკავებებს პოლიტიკური შურისძიებისთვის იყენებს

SJC: ოცნება ადმინისტრაციულ დაკავებებს პოლიტიკური შურისძიებისთვის იყენებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას. ორგანიზაციის შეფასებით, ინციდენტი კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რომ ქართული ოცნება თვითნებურ ადმინისტრაციულ დაკავებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული მიზნებით იყენებს და ამ პროცესში სრულად უგულებელყოფს დაკავებულების საპროცესო უფლებებს.

"ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ლაშა ჯიოშვილს ათამდე პირი აკავებდა. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ არცერთი დამკავებელი პირის სამართალდამცავებად იდენტიფიცირება ვიზუალურად შესაძლებელი არ ყოფილა; ვიდეოჩანაწერში ისმის მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ხმა - “პოლიციიდან ვარ”, თუმცა უცნობია დანარჩენი პირების ვინაობა. შესაძლოა, დაკავებულს შეჰქმნოდა შთაბეჭდილება, რომ მას კერძო პირები აიძულებდნენ მანქანაში ჩაჯდომას, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში „ტიტუშკების” მიერ მოქალაქეებზე თავდასხმა ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა. ზოგადად, სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და დაკავების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ორგანოებსაც, რომელთა წარმომადგენლებიც სამოქალაქო ფორმას ატარებენ, თუმცა ამ ჯგუფებს შსს, სავარაუდოდ, საჭიროების გარეშე და დამსჯელობითი მიზნით იყენებს. რუსთაველის გამზირზე, სადაც 2 თვეზე მეტია ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქცია, ცხადია, არსებობს საპატრულო პოლიციის (ფორმიანი სამართალდამცავების) მობილიზების შესაძლებლობა. დემონსტრანტების დაკავებისთვის საპატრულო პოლიციის ფორმიანი წარმომადგენლების ნაცვლად, კრიმინალური პოლიციის ჯგუფის გამოყენება შესაძლოა, დემონსტრანტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და დასჯის მიზანს ემსახურებოდეს.

ბოლო პერიოდია, ქართული ოცნება ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმს აქტიურად იყენებს პროტესტის ჩახშობისა და განსაკუთრებულად აქტიური დემონსტრანტების დაშინების მიზნით. კანონმდებლობით, პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დაკავების საფუძველი და უფლებები, აგრეთვე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან დაკავშირებისა და დაკავების ფაქტის ახლობლებისთვის შეტყობინების შესაძლებლობა. ამ მოთხოვნების საპირისპიროდ, დამკვიდრებულ ტენდენციად იქცა არაიდენტიფიცირებადი სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავება გატაცებით და მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, რაც არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, არამედ დემონსტრანტებზე ზეწოლის გაძლიერების მოტივით აიხსნება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ლაშა ჯიოშვილი;

შეისწავლოს მის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მოახდინოს მასზე ოპერატიული რეაგირება"- ნათქვამია განცხადებაში.

გვიან ღამით ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. შემთხვევა ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოპერატორს მანქანაში ძალის გამოყენებით სვამენ.

რამდენიმე საათის განმავლობაში ჯიოშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით, ადვოკატებმა არაერთი მცდელობის შემდეგ გაარკვიეს, რომ ჯიოშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.