
თებერვლის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ სამხედრო ტვირთების გადაზიდვა უკრაინისთვის მოულოდნელად შეაჩერა — ბრძანება თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს ეკუთვნის და იგი, სავარაუდოდ, ზეპირი ფორმით გასცა, რაც არსებული წესებისა და პროცედურების დარღვევას მიუთითებს.
პაუზის გენეზისი უკავშირდება 30 იანვარს დონალდ ტრამპთან ოვალურ ოფისში გამართულ შეხვედრას, რომელზეც ჰეგსეთი თავისი მრჩეველების მიერ მომზადებული მემორანდუმით მივიდა. დოკუმენტი მოუწოდებდა ტრამპს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება დროებით შეეჩერებინა, რათა ამ გზით რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზეწოლა გაეწია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ უოლცი და უკრაინაში სპეციალური დესპანი კიტ კელოგი. ცნობილია, რომ ტრამპმა შეხვედრაზე არ გასცა კონკრეტული განკარგულება დახმარების შეწყვეტის შესახებ.
Reuters-ის მიერ მოპოვებული TRANSCOM-ის (აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობა) დოკუმენტების თანახმად, გადაზიდვები 2 თებერვალს შეჩერდა, ხოლო 5 თებერვლამდე განახლდა. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა უკრაინის არმიის მძიმე მდგომარეობას ფრონტზე და მნიშვნელოვნად გაართულა კიევის შესაძლებლობები რუსულ შეტევებზე პასუხისთვის.
უკრაინული მხარე გადაზიდვების შეჩერების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებდა. როგორც Reuters-ს უკრაინელი ოფიციალური პირი ეუბნება, აშშ-ს ადმინისტრაციასთან მათ არაერთი არხით სცადეს კავშირის დამყარება, თუმცა განმარტებები უმეტესად ბუნდოვანი იყო და საბოლოოდ პაუზა "შიდა პოლიტიკით" აიხსნა.
შედეგები ფრონტზე
Reuters-ის ინფორმაციით, ჰეგსეთის ოფისმა გადაზიდვები შეაჩერა შესაბამისი უწყებებისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე. ამის შედეგად გაუქმდა სულ მცირე 11 სამხედრო ფრენით გასაგზავნი ტვირთი.
პაუზის შედეგად კიევში იარაღი დაგვიანდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტვირთები კონგრესისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო დამტკიცებული.