Reuters: უკრაინამ 12-დან 3 ბრიგადა კონტრშეტევაში ჩართო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის

Reuters: უკრაინამ 12-დან 3 ბრიგადა კონტრშეტევაში ჩართო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის

Reures-ის ინფორმაციით, დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის ჯარების კონტრშეტევა უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ კიევმა გაწვრთნილი 12 ქვედანაყოფიდან მხოლოდ 3 ჩართო კონტრშეტევაში, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

"ერთკვირიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, კიევის კონტრშეტევის რეალური გამოცდა ჯერ კიდევ წინ არის, რადგან უკრაინული ჯარები გარკვეულ მანძილზე იმყოფებიან რუსეთის მთავარი თავდაცვის ხაზიდან, ხოლო შეტევისთვის მომზადებული ძალების დიდი ნაწილი კვლავ მზადყოფნაშია."- წერს Reures.

პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსი, კონრად მუზიკა ამბობს, რომ უკრაინამ ახლა გაააქტიურა კონტრშეტევისთვის გაწვრთნილი 12 ბრიგადიდან მხოლოდ 3.

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაციის განსახორციელებლად 12 ჯავშანსატანკო ბრიგადა შექმნა, რომელთაგან ცხრა გაწვრთნილი და აღჭურვილი იყო დასავლეთის მიერ. ბრიგადას ჰყავს მინიმუმ 3500-4000 ჯარისკაცი. კიევმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 40 000 ჯარისკაციდან 8 თავდასხმის ბრიგადა გაწვრთნა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის ძირითადი ძალები კონცენტრირებულია ქალაქ ორეხოვის მახლობლად, ზაპოროჟიეს ოლქში და ველიკა ნოვოსელკასთან დონეცკის ოლქში, დაახლოებით 80 კილომეტრში აღმოსავლეთით.

"ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ უკრაინელი გენერლების სამიზნე ტოკმაკია, ოკუპირებულ ქალაქ ზაპოროჟიეს რეგიონში, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 25 კმ-ში, 50 კილომეტრის დაშორებით არის ქალაქი მელიტოპოლი. ორივე დასახლება კარგად არის გამაგრებული."- წერს Reuters.

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინას ჯერ არ დაუწყია სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა, მაგრამ თავდაცვის ძალების პირველი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით მისი "ზომიერი დასაწყისია".

"მე მჯერა, რომ ჩვენ ჯერ არ გვინახავს რეალური კონტრშეტევა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ჩემი სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ამას ფორმირებისთვის საჭირო ოპერაციებს დავარქმევდი."- თქვა პაველმა.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც უკრაინული ძალები ვერ მიაღწევენ წელს, უნდა გადაიდოს სულ მცირე მომავალ გაზაფხულამდე.

ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონტრშეტევისთვის მზადება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, "და ეს სრულიად ბუნებრივია", რადგან დიდი დრო სჭირდება მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების მომზადებას, აღჭურვილობით უზრუნველყოფას, გაწვრთნას და ყველა სახის საკმარისი რესურსების მიღებას.