
რამდენიმედღიანი შეჩერების შემდეგ, აშშ-მა უკრაინას კვლავ გაუგზავნა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები და მოძრავი სარაკეტო სისტემა GMLRS-ის რაკეტები, — Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
იარაღის მიწოდება გასულ კვირას დროებით შეჩერდა, სავარაუდოდ იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი სამხედრო მარაგების გადაჭარბებული შემცირების საფრთხე დაინახა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ არ იცოდა, ვინ გასცა შეჩერების განკარგულება, თუმცა დაამატა, რომ უკრაინას დაცვითი იარაღის მიწოდებას გააგრძელებდა.
ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის იარაღი გაიგზავნა და დასრულდა თუ არა მიწოდება სრულად. გაურკვეველია ასევე, როდის განახლდება სხვა სახის შეიარაღების გაგზავნაც, მათ შორის — პეტრიოტის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებისა.