RIA: ვნუკოვოს აეროპორტმა, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მუშაობა შეწყვიტა

RIA: ვნუკოვოს აეროპორტმა, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მუშაობა შეწყვიტა

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti-ის ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მუშაობა შეწყვიტა.

გამოცემის ცნობით, მათ წყარომ განუცხადა, რომ "ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიკეტა, პირველადი ინფორმაციით მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატებია".

მოგვიანებით კი თავად ვნუკოვოს აეროპორტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აეროპორტში "უსაფრთხოების მიზეზების გამო" დროებითი შეზღუდვები მოქმედებს.

"აეროპორტის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზების გამო, ვნუკოვოში 09:40 საათიდან ამოქმედდა დროებითი შეზღუდვები თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე. უსაფრთხოების მიზეზების გამო ზოგიერთი ფრენა გადამისამართდა მოსკოვის საავიაციო ჰაბის სხვა საჰაერო სადგურებში" - განაცხადა აეროპორტის ადმინისტრაციამ.

გამოცემა საავიაციო სააგენტოში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ საჰაერო სივრცე ასევე დაიხურა მოსკოვის სამხრეთით, დაახლოებით 200 კმ-ში მდებარე კალუგას აეროპორტში.

რუსული მედიის ცნობით, დღეს მოსკოვში, კარამიშევსკის რაიონში აფეთქების ხმა იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ცაში შენიშნეს საფრენი აპარატი, რომელიც მათი თქმით, დრონს ჰგავდა.