RFE/Rl ინფორმაციით, საქართველოს კურსის ცვლილების გარეშე, ევროკომისია რეკომენდაცის ვერ გასცემს

RFE/Rl ინფორმაციით, საქართველოს კურსის ცვლილების გარეშე, ევროკომისია რეკომენდაცის ვერ გასცემს

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ავრცელებს ჩანაწერს ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიური ანგარიშიდან, რომელიც საქართველოს ეხება.

"სანამ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ სვლას და გამოამჟღავნებს რეალურ მცდელობებს განსაკუთრებული შეშფოთების და საკვანძო რეფორმების საპასუხოდ, კომისია არ ჩათვლის საჭიროდ, გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთან [ევროკავშირში შესვლის] მოლაპარაკებების დაწყებაზე", - აღნიშნულია ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ამონარიდში.

დღეს, 30 ოქტომბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. გაფართოების ანგარიში შეაფასებს კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესს, რომელიც განსაზღვრავს, უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე.

ამ ანგარიშის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე.

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, რის შემდეგაც გაასაჯაროვა დოკუმენტი 9 დათქმით, რომელშიც საუბარი იყო მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე და აღნიშნული იყო, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი.

ევროკომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარი იყო სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებაზე, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხისადმი მეტ ყურადღებასა და ადამიანის უფლებებზე.

რუსული კანონის მიღების შემდეგ, 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონი 9 ნაბიჯისგან აშკარა უკუსვლაა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია.