POLITICO-ს ინფორმაციით, გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრაზე იკამათეს - საკითხი ეხებოდა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხებას და კერძოდ, რა როლი აქვს ამაში ერთ-ერთ უნგრულ ბანკს, OTP-ის - მედია ინფორმაციას ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, უნგრული ბანკი ოფიციალური პირების ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან ბუდაპეშტი უარს ამბობს უკრაინისთვის EU-ს სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე მანამ, სანამ კიევი ბანკს "ომის სპონსორების" სიიდან არ ამოიღებს. დიპლომატები ასევე ამბობენ, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხსაც აფერხებს.
მედიის ცნობით, როცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დახურულ შეხვედრაზე სამხედრო დახმარების შესახებ მათი პოზიცია გაიმეორა, ანალენა ბერბოკმა სწორედ ამ დროს უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ OTP რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუჰანსკისა და დონეცკის ტერიტორიებს აღიარებს, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ბერბოკმა მიუთითა ისიც, რომ ბანკმა რუს სამხედროებს საკრედიტო ლიმიტები გაუზარდა.
უნგრეთმა ეს ბრალდებები უარყო, გაიმეორა თავად ბანკის განცხადება, რომ ეს ინფორმაცია "არასწორია" და თქვა, ბანკის მენეჯმენტმა უკრაინის მიმართ "მხარდაჭერა" საჯაროდ გამოხატა. მედიის წყაროს ცნობით, შეხვედრაზე უნგრეთის პოზიციის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატეს სხვა ქვეყნების, მათ შორის შვედეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებმაც.
17 მაისს უნგრეთი არ დაეთანხმა მორიგი სამხედრო დახმარების გამოყოფას უკრაინისთვის, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში იყო გათვალისწინებული. ამასთან ბუდაპეშტმა არაერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირის წევრმა 27-ვე სახელმწიფომ ერთხმად უნდა დაამტკიცოს, მაგრამ საბოლოოდ მხარი დაუჭირა აქამდე შეთანხმებულ ყველა ზომას.