საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით 1 პირი დაიღუპა, მასთან ერთად მყოფს კი ბრალი წარედგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. "ლოკაციებზე" განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული 2 მარტს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“ ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რაც შეეხება სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ პირს, მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.