POG: მეტროსადგურში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა

POG: მეტროსადგურში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ვ" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის თქმით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

10 დეკემბერს, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაქანზე მყოფმა პირმა ხელი ჰკრა მეორე პირს და მატარებლის ქვეშ ჩააგდო.