თბილისის საქალაქო სასამართლომ პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება "ნინოს" მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ ერთ-ერთ ექიმს შეჩერებული ჰქონდა "მეანობა-გინეკოლოგიაში" სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.
უწყების ცნობით, მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა.
მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზში დააკავეს.