პროკურატურამ ცოლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ მეუღლეს ძალის გამოყენებით მის მანქანაში ჩაჯდომა აიძულა. შემთხვევას ორი პირი შეესწრო, რომლებიც დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, ბრალდებული მოკვლის მიზნით, მეუღლისა და მათი მიმართულებით, მანქანით სწრაფი სიჩქარით გაემართა.
ბრალდებულის მეუღლემ გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო ორმა ადამიანმა მანქანის დაჯახების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის შემდგომაც ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის "კ" და "ლ" ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.