
პროკურატურა ეხმაურება "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ადვოკატების განცხადებას, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, აქტივისტ ნინო დათაშვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.
უწყება ირწმუნება, რომ დათაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილ სამედიცინო ჩანაწერებში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, რის გამოც "მიზანშეწონილად ჩაითვალა" ექსპერტიზის ჩატარება.
ასევე, პროკურატურა აცხადებს, რომ " მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა".
"გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე - სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.
აქვე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
დღეს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ აქტივისტ ნინო დათაშვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მათივე თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ თუ დათაშვილი უარს განაცხადებს აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებაზე, ეს პროცესი იძულებითი ღონისძიებების საშუალებით მაინც განხორციელდება. ანუ სასამართლომ, დათაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, გასცა ნებართვა, გადაიყვანონ აქტივისტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.