თელავის რაიონულმა სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ორი თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 2023 წლის 4 ივლისს მოხდა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდულად შერაცხადობა დაუდგინდა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.