PHR: ბათუმში მომხდარზე უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობა, ვისაც უსაფრთხოება ევალებოდა
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ეხმიანება ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში ორი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვა ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში არაერთი ბავშვი იმსხვერპლა სამსახურებრივმა გულგრილობამ და უპასუხისმგებლობამ, რომლის პრევენცია და კონტროლიც, სახელმწიფო ორგანოებს ეკისრება.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მომხდარზე დაუყოვნებლივ უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ეხმიანება 2025 წლის 15 თებერვალს, აჭარის რეგიონში 2 მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ოჯახებსა და მთელ საქართველოს.
- სახელმწიფო იღებს ბავშვის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ყველა ზომას;
- ბავშვები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ ნებისმიერ საჯარო თუ კერძო სივრცეში;
- სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის ცხოვრების სათანადო პირობების დაცვის სტანდარტების შემუშავებასა და მის უწყებათაშორისი, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელებას;
- უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსა და მუნიციპალიტეტისთვის სავალდებულოა ურბანული დაგეგმარების, განაშენიანების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და რეკონსტრუქციული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტების გათვალისწინება;
- სახელმწიფოს ევალება ყველა საჭირო ღონისძიების მიღება სხვადასხვა სახის სოციალური საფრთხის, სიღარიბისა და ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის აღმოსაფხვრელად;
- ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს სოციალური დაცვითა და მომსახურებით;
- ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს;
- ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას;
- ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.
ეს არის ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სახელმწიფოს ვალდებულებების მცირე ჩამონათვალი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული ბავშვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, უკანასკნელ პერიოდში არაერთი ბავშვი იმსხვერპლა სამსახურეობრივმა გულგრილობამ და უპასუხისმგებლობამ, რომლის პრევენცია და კონტროლიც, სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ. ბავშვების გარდაცვალების ფაქტზე დაუყოვნებლივ უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა"- ნათქვამია განცხადებაში.