პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ცნობით, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.
PHR წერს, რომ საქმე ეხება 2017 წელს საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. საქმეზე PHR-ის იურისტებმა გაეროს უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება.
"2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის გიორგიმ აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა - სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა რომ მასწავლებელმა სცემა.
ლალიმ პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ გიორგის სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. ლალიმ გამოძიებას უთხრა რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და ისიც, რომ გიორგის არც ალერგია ჰქონია აქამდე", - აცხადებენ PHR-ში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გიორგი პოლიციისგან პასუხს რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა უშედეგოს, რის შემდეგაც, ბავშვის ინტერესების დასაცავად დედამ PHR-ს, 2018 წლის აპრილში მიმართა.
PHR-ში აცხადებენ, რომ 2018 წელს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს, თუმცა პროკურატურამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.
ორგანიზაციის ცნობით, აღმზრდელი, რომელზეც გიორგი მიუთითებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში არ მიუთითეს გიორგის მიმართ ძალადობის შესახებ. ამიტომ სასამართლომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ის კვლავ ბაღში აღადგინა იმავე პოზიციაზე.
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ გაეროს უფლებათა კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფომ აგრეთვე დაარღვია გამოძიების სტანდარტი და განმარტა, რომ:
"ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოძიებას უნდა აწარმოებდნენ კვალიფიციური პროფესიონალები, ვისაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და უნდა იყენებდნენ ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ და ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა შესაძლო გონივრული ნაბიჯი რომ დაიცვან ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები. ასევე, გამოძიება უნდა წარმიმართოს სწრაფად და გონივრულ ვადაში".
ამასთან, PHR-ში აცხადებენ, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით კომიტეტმა აღნიშნა, რომ ბავშვი სპეციალიზებულმა გამომძიებელმა გამოჰკითხა ფსიქოლოგისა და მამის თანდასწრებით, თუმცა სახელმწიფომ არ უზრუნველყო გამოკითხვის ვიდეო გადაღება, რომ დაეცვა ბავშვის ჩვენება შემდგომ განხილვებში გამოყენების მიზნით ან იმის დასადგენად, რომ ბავშვს ნამდვილად განემარტა სიმართლის თქმის მნიშვნელობა.
"კომიტეტის განმარტების თანახმად სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და ვერ უზრუნველყო ბავშვის მიმართ სხეულებრივი დასჯის საქმეზე ეფექტური გამოძიების წარმოება, რითაც დაარღვია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
რა დაევალა სახელმწიფოს?