ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი რადიოთავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლონ, რასაც პირადად ის და ასამბლეა მთავრობისგან ითხოვს.
რუსოპოლუსი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის გათავისუფლებით საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.
"მსურს, გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე. ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ - პირადად მე და ასამბლეა - ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ, რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო. რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან.
იმიტომ კი არ უნდა გაათავისუფლონ, რომ მე ამას ვითხოვ, როგორც პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.
მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 75 წლის იუბილეს. ასე რომ, ქვეყანამ, - ყველა ქვეყანამ, რომელიც არის ამ დიდი ორგანიზაციის წევრი, რომელიც მხარს უჭერს და პატივს სცემს და ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, - უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები", - თქვა რუსოპოლუსმა.PA