
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დააზუსტა, რომ საქართველოს დელეგაციას დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
აქედან გამომდინარე, ქართული დელეგაციის მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა კენჭისყრაზე არ დაფიქსირებულა.
დღეს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ.
"არა, არაფერს მხარი არ დაუჭერია. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეზინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენი მხარდაჭერა მას არ აქვს, თუმცა, თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონის და უკრაინის დელეგაციის, ასევე ცნობილი ჯგუფების - უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია, რომ ასე უნდათ დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ის ნახევარი წინადადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი არანაირი მხარდაჭერა არ ექნებოდა", - ამბობს ის.
ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეამ მიიღო "პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები", რომელშიც საქართველოს საკითხზეც არის საუბარი - "რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ."
დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო. ასევე ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.