
ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევას არ აპირებენ, ფორმულამ OSCE/ODIHR-ს კითხვით მიმართა.
ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ 2014 წლის გამონაკლისის გარდა, როდესაც შეზღუდული ბიუჯეტის გამო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დააკვირდნენ, ეს პირველი არჩევნები იქნება, რომელზეც არ იწვევენ.
ეუთო/ოდირში ამბობენ, რომ მათი სადამკვირვებლო მისიის არსებობა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ხოლო ჩვენი რეკომენდაციები ხელს უწყობს არჩევნების მთლიანობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე.
"საქართველოში პირველი საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები 2002 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ODIHR-ს რეგულარულად იწვევენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ სადამკვირვებლო მისიები გავგზავნეთ ყველა არჩევნებზე, გარდა ერთისა (2014 წელს, შეზღუდული ბიუჯეტის გამო).
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის არსებობა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ხოლო ჩვენი რეკომენდაციები ხელს უწყობს არჩევნების მთლიანობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე.
გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ODIHR არაერთ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა. ბოლო მაგალითებია: ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში, სერბეთში – 2024 წლის ივნისში და მოლდოვაში – 2023 წლის ნოემბერში", - აცხადებენ ეუთო/ოდირში.
***
ირაკლი კობახიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის "დატვირთვას."
ქართული ოცნების პრემიერი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა ზოგადად არ არსებობს და ეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.
იგი ასევე ირწმუნება, რომ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებს ჯანსაღ გარემოში ჩაატარებს.
"რამდენიმე ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდრის. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე მათი მისიას მოწვევა. ასე რომ, ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.