
სომხეთში სატრანსპორტო დანიშნულებით ფართოდ გამოყენებული თხევადი გაზის (LNG) ფასი 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა, - ამის შესახებ OC Media იუწყება.
სამშაბათს, სომხეთში გაზის ფასმა ლიტრზე 170 დრამს (დაახლოებით $0.44) მიაღწია, რაც მკვეთრი ზრდაა წინა ფასთან — 120 დრამთან ($0.31) — შედარებით. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეს ცვლილება ყოველ საწვავით შევსებაზე დაახლოებით 9–10 დოლარით ზრდის ხარჯებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 500 სომხური სატვირთო ავტომობილი, თითოეული 22 ტონამდე გაზით დატვირთული, საქართველოს საზღვარზე რვა-ცხრა დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. კომპანია Flash-ის დირექტორის, სირაკ სუკიასიანის თქმით, ზეწოლის ქვეშ მყოფ სატვირთო მანქანათა რაოდენობა 400-ს აჭარბებდა.
იმპორტიორები აცხადებენ, რომ მსგავსი შეფერხებები მათ აქამდე მხოლოდ ამინდისა და ობიექტური გარემოებების გამო განუცდიათ და ამჟამინდელი სიტუაციის მიზეზი უცნობია.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა კი საზოგადოებას Facebook-პოსტით შეატყობინა, რომ ვითარება შესაძლოა მალე დარეგულირდეს. მისი თქმით, მხოლოდ 14 ივლისს საქართველოდან სომხეთში გაზით დატვირთული 44 სატვირთო შევიდა, ხოლო ბოლო ოთხ დღეში — ჯამში 143 მანქანა.
პაპოიანმა ასევე აღიარა, რომ გაზის დეფიციტი ნამდვილად შეიქმნა, თუმცა ახლა ვარაუდობს, რომ ფასები შემცირდება.
ფაქტორ TV-მ გაავრცელა კადრები, სადაც ტემპერატურის მატების გამო მძღოლები ცისტერნებს წყლის ჭავლით აგრილებდნენ — მათ აფრთხილებდნენ შესაძლო გაჟონვისა ან აფეთქების რისკზე.
მედია წერს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ეს დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ რუსეთში სომხური კონიაკის ექსპორტი შეაფერხა. აპრილის ბოლოდან ქართული მხარე სომხურ ტვირთს დამატებით ინსპექციებს უტარებდა, რამაც ფაქტობრივად შეაჩერა კონიაკის ტრანზიტი. ივლისის დასაწყისისთვის პრობლემა ჯერაც მოუგვარებელი იყო, მიუხედავად ოფიციალურ დონეზე გამართული შეხვედრებისა.