NYT: უკრაინამ Abrams-ის ტიპის ამერიკული ტანკების პირველი პარტია მიიღო

NYT: უკრაინამ Abrams-ის ტიპის ამერიკული ტანკების პირველი პარტია მიიღო

უკრაინამ Abrams-ის ტიპის ამერიკული ტანკების პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times ავრცელებს.

"აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინამ Abrams-ის ტიპის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკვე მიიღო. ოფიციალური პირების თქმით, M1 Abrams-ის ტანკების მომდევნო პარტიას უკრაინა უახლოეს თვეებში მიიღებს", - წერს გამოცემა.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს. ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.

"სასიხარულო ამბავი მინისტრ უმეროვისგან. Abrams-ის ტანკები უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან. მე მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის! ჩვენ ახალ კონტრაქტებს ვეძებთ, ვაფართოებთ მიწოდების გეოგრაფიას", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

NYT-ს ცნობით, ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ტანკი გაიგზავნა უკრაინაში. მანამდე, Politico წერდა, რომ უკრაინაში 10 ტანკი გაიგზავნებოდა.

28 ივლისს, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტანკებს სექტემბერში გაუგზავნის. ამის შესახებ გამოცემამ 6 წყაროზე დაყრდნობით დაწერა. როგორც Politico წერდა, Abrams-ის პირველი პარტია 6-8 ტანკს მოიცავს. გამოცემის ინფორმაციით, საერთო ჯამში, აშშ უკრაინაში 31 ტანკის გაგზავნას გეგმავს.

უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს განაცხადა.