
აშშ გეგმავს ისრაელში განლაგებული და განახლებული Patriot-ის ტიპის ორ საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემას, - ამის შესახებ New York Times-ი რამდენიმე მოქმედ და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, დასავლელი პარტნიორები ასევე განიხილავენ დამატებითი სისტემების მიწოდებას გერმანიიდან ან საბერძნეთიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში თავდასხმების გაძლიერების ფონზე.
წყაროებმა არ დააკონკრეტეს, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, ან რას ფიქრობს ამაზე მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
უკრაინას ამჟამად რვა Patriot სისტემა აქვს, საიდანაც მხოლოდ ექვსი ფუნქციონირებს. დანარჩენი ორი რემონტდება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აპრილში CBS News-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა მზადაა 15 მილიარდ დოლარად შეიძინოს დამატებით 10 Patriot სისტემა მოსახლეობის დასაცავად: "ჩვენ ვიპოვით ფულს და გადავიხდით ყველაფერზე," — განაცხადა ზელენსკიმ.
14 აპრილს ტრამპმა ზელენსკის მიმართ კრიტიკული ტონი გამოიყენა, მტკიცებით, თითქოს ის "მუდმივად იარაღის ყიდვას ცდილობს" და ომის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა. თუმცა მოგვიანებით, 24 აპრილს, ტრამპმა დაგმო რუსული იერიში კიევზე, რომელიც ცხრა მშვიდობიან მოქალაქეს ემსხვერპლა, და პუტინს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ჯერჯერობით ტრამპის მიერ გამოცხადებული სანქციები ან მოლაპარაკების იძულების სხვა გზები არ განხორციელებულა, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის რუსეთზე ზეწოლისთვის: "შეგვიძლია ეს მარტივადაც გავაკეთოთ ან რთულად."