NGO-ები ფერაძეზე: მოვუწოდებთ სააპელაციოს, გადახედოს საქალაქოს მიერ დადგენილ სახდელს

NGO-ები ფერაძეზე: მოვუწოდებთ სააპელაციოს, გადახედოს საქალაქოს მიერ დადგენილ სახდელს

არასამთავრობო ორგანიზაციები აქტივისტ ნატა ფერაძის დაპატიმრებას ეხმაურებიან და მოუწოდებენ სააპელაციო სასამართლოს, გადახედოს საქალაქოს მიერ დადგენილ სახდელს.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ გამოყენებული სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს", - წერენ ისინი.

ასევე, მიმართავენ სააპელაციოს, იხელმძღვანელოს მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან ადამიანის უფლებათა ცენტრი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, თბილისი პრაიდი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს სასამართლო გუშაგი და სხვები.

დღეს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რასაც საია სააპელაციოში გაასაჩივრებს.

გამოძიება ფერაძეს ადმინისტრაციული წესით ედავებოდა. ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.

***

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.