NGO-ები: ლაზარეს საქმე გაჭიანურებულად, საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს

NGO-ები: ლაზარეს საქმე გაჭიანურებულად, საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციები ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ის გაჭიანურებულად, საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.

"ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. პროცესის უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გაჭიანურების და სხვა მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე სულ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლანური სასამართლოს ხელში ლაზარე გრიგორიადისი სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს.

2024 წლის 28 მარტის სხდომაზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გადადო დასკვნითი სიტყვების მოსმენა იმ მოტივით, რომ ლაზარე გრიგორიადისი პროცესს "არ ესწრებოდა". ამასთან, როგორც მოსამართლემ განაცხადა, მან არ დააკმაყოფილა ლაზარე გრიგორიადისის თხოვნა სხდომაზე დისტანციურად დასწრების შესახებ იმის გამო, რომ ლაზარე გრიგორიადისს "არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი", რის გამოც ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას. უფრო მეტიც, როგორც მოსამართლემ განაცხადა, თუ ლაზარე გრიგორიადისი შემდეგ სხდომაზეც "არ გამოცხადდება", ჩაითვლება, რომ იგი "თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას" და, შესაბამისად, სხდომა მის დაუსწრებლად ჩატარდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები განმარტავენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში მისი საქმის განხილვაში, როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუთითებენ, რომ სხდომაზე დისტანციურად დასწრება ბრალდებულის უფლებაა, რომლის გამოყენებისას არავითარი მიზეზის დასახელება საჭირო არ არის.

"აქედან გამომდინარე, მოსამართლემ უხეშად დაარღვია სისხლის საპროცესო კანონის მოთხოვნა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისს მოსთხოვა ის, რაც მას კანონით არ ევალება. სხვათა შორის, მიზეზის დასახელება სავალდებულოც რომ ყოფილიყო, ასეთი მიზეზი ლაზარე გრიგორიადისმა დაასახელა - მან თქვა, რომ სტრესის გამო უჭირს ხალხით გაჭედილ დარბაზში ყოფნა. თუმცა, მოსამართლემ სრულებით უგულვებელყო ეს მიზეზი", - წერენ NGO-ები.

მათივე თქმით, საპროცესო უფლებების დარღვევა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს, თუ მოსამართლე შეასრულებს დაპირებას და მომდევნო სხდომაზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნას სასამართლოზე არგამოცხადებას ჩაუთვლის, რასაც შედეგად პროცესის გრიგორიადისის დაუსწრებლად ჩატარება მოჰყვება. აღნიშნავენ, რომ ეს როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას გამოიწვევს.

"დღეისათვის ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა უკვე უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კიდევ ერთი ასპექტის - საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს", - წერენ ორგანიზაციები.

გარდა ამისა, მიუთითებენ, რომ საპროცესო კანონის სერიოზული დარღვევებინ ამ საქმეზე ლაზარეს დაკავების და პოლიციაში მიყვანის დღიდან ფიქსირდება.

"კერძოდ, მიუხედავად მისი დაჟინებული მოთხოვნისა, იგი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დვოკატის გარეშე. ეს გარემოება მისი გამოკითხვის ოქმისა და, ე.წ. მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინის თანახმად, ამ ოქმიდან გამომდინარე ყველა სხვა მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო (იხ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა, პოლიტიზირებული სასამართლოსთვის არც ასეთი სერიოზულ დარღვევა წარმოადგენს დაბრკოლებას. პოლიტიკური დაკვეთა კი მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ის არის, რომ ლაზარე გრიგორიადისი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მის ახალგაზრდულ ნაწილში, ჩაისახოს შიში და მოლოდინი იმისა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ნებისმიერ მათგანს შეიძლება მეტისმეტად ძვირი დაუჯდეს.

ზემოთ აღწერილი საპროცესო დარღვევები, რომლებიც მსგავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სისტემატურ ხასიათს ატარებს, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმის აუცილებლობაში, რაც ევროკავშირმა გაწევრებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ მთავარ პირობად დაგვიდგინა: სასამართლო სისტემაში კეთილისინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემის შემოღების გარეშე ვერც სასამართლო სისტემა გაჯანსაღდება და, აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სიას ექნება დასასრული", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), მედიაომბუდსმენი, ქვიარ ასოციაცია - თემიდა, დემოკრატიის მცველები და სხვები.

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ისევ გადაიდო. მოსამართლის პოზიცია იყო, რომ ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომას ფიზიკურად უნდა დაესწროს, რასაც ის დღეს ვერ ახერხებდა. გრიგორიადისს პროცესზე დისტანციურად ჩართვა სურდა.