NGO-ები: ქართული ოცნება იმპიჩმენტის გზით ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს

NGO-ები: ქართული ოცნება იმპიჩმენტის გზით ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, არის თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე.

"პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე მთავრობას, მიიღოს ყველა ზომაევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს - კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას.

NGO-ები კიდევ ერთხელ შეახსენებენ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოუწოდებენ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

დემოკრატიის მცველები
თბილისი პრაიდი
სასამართლოს გუშაგი
საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
უფლებები საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.