არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებელი ნინო ლომჯარია პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობასა და მოქალაქეებისთვის არაპროპორციული ჯარიმების დაკისრებაზე საუბრობენ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ აღნიშნეს, რომ პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და ქართული ოცნების პარლამენტი.
მათივე თქმით, ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა.
"აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში ქართული ოცნების პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება.
პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო (მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან). ასევე, დემონსტრანტებს მასიურად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით "უკანონოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის" მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება - მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასიურ სახალხო მსვლელობებში.
ინფორმაციისთვის: გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა აქციის მონაწილეებისთვის 500-დან 5000 ლარამდე, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000-დან 15000 ლარამდე გაიზარდა. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, აქციის მონაწილის მიერ ლაზერის ტარება, შსს-ს სისტემაში დადგენილი
ან მასთან მიმსგავსებული ატრიბუტიკის ტარება 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს; ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა 1 წლამდე მართვის უფლების შეჩერებას იწვევს; საპროტესტო პოსტერის გაკვრა კი “მუნიციპალური ტერიტორიის იერსახის დამახინჯების” მუხლით მოქალაქეების 50 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს. დაკავების არსებულ საფუძვლებთან ერთად პოლიციას პირის დაკავება უკვე პრევენციული მიზნითაც შეუძლია.
300-500 ლარიდან 1000-2000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმები, ასევე, სხვა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის, რასაც დამკვიდრებული პრაქტიკით სასამართლოები იყენებენ ხოლმე აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.
შეგახსენებთ, რომ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, საქართველოსთვისაც სავალდებულოა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში
შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს.
ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა"- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვეევბის საქმეების განხილვას ე.წ. ქუჩის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით, მათი თქმით, პროცესში ფიქსირდება არაერთი დარღვევა:
გიგაურის და ლომჯარიას თქმით, სასამართლო, მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, აქტივისტებს ნოემბერი-დეკემბრის შემთხვევებზე 500 ლარით, ხოლო იანვრის შემთხვევებზე - 5000 ლარით აჯარიმებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული საქმეების განხილვის პროცესში ჩართულები არიან ესტონეთის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები, კერძოდ, თბილისში ამ საქმეებს 6 მოსამართლე განიხილავს:
1. ლელა მილდენბერგერი
2. ზვიად ცეკვავა
3. ლელა ცაგარეიშვილი
4. კობა ჩაგუნავა
5. ნინო ენუქიძე
6. მანუჩარ ცაცუა
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მოსამართლეებს, იმოქმედონ კანონის და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.