NDI: შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოებაზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმები

NDI: შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოებაზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დისკუსიის ნაცვლად, პოლიტიკაში ჩართული მხარეების ყურადღება ოპონენტების წარსულ შეცდომებზე ფოკუსირდება.

ანგარიშში წერია, რომ მნიშვნელოვანია, ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს არჩევნების ყველა ასპექტის შესახებ ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია.

NDI ამბობს, რომ შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის მიუკერძოებელ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე სიტყვიერი თავდასხმები.

"რჩება გარკვეული გამოწვევები, რომელთა უგულებელყოფამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საარჩევნო პროცესების სანდოობას. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონალიებზე დაფუძნებული პოლარიზაცია ახასიათებთ, შედეგად ახალი პოლიტიკური ალტერნატივის მიმღებლობა ძალზე დაბალია. გარდა ამისა, იკვეთება პოლიტიკური აქტორების თვითრეფლექსიისა და სამომავლო ხედვების ჩამოყალიბების საჭიროება.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დისკუსიის ნაცვლად, პოლიტიკაში ჩართული მხარეების ყურადღება ოპონენტების წარსულ შეცდომებზე ფოკუსირდება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის მიუკერძოებელ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე სიტყვიერი თავდასხმები. შემაშფოთებელია, ასევე, ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ლიდერებზე მიმართული გენდერული ნიშნით მოტივირებული თავდასხმები. ეს უკიდურესად დამაზიანებელია და აფერხებს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ზიანს აყენებს დემოკრატიის წარმომადგენლობითობას. მიუხედავად ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევისა, დღემდე მიღებული ზომები საკმარისი არ არის.

აუცილებელია დამატებითი ძალისხმევა, რათა ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს არჩევნების ყველა ასპექტის შესახებ ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია, მათ შორის ტექნოლოგიების დანერგვისა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების თაობაზე. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტქი+) თემის წარმომადგენლების თანასწორი და ღირსეული მოპყრობა ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია. მნიშვნელოვანია ამ და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ წარსულში განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე სათანადო რეაგირება. მთავრობას შესწევს უნარი და აქვს ვალდებულება, წინასაარჩევნო პერიოდში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას", - წერია ანგარიშში.

წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 19–25 თებერვალს იმყოფებოდა. NDI-ის ცნობით, ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ანტიკორუფციული ბიუროსა და ცესკოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.