ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2023 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? 2023 წლის მარტში დადებითი პასუხი მხოლოდ 24%-მა გასცა, რაც 2022 წლის ივლისისა და დეკემბრის შემდეგ მკვეთრადაა შემცირებული (ივლისში 39%, დეკემბერში - 31%).
მოსახლეობის 64% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს, 9% კი ამბობს რომ არ იცის.
აქვე, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. მათ შორის ახალგაზრდები (18-34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 47% მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი 61% კი ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე ამბობს.
მოსახლეობის 37% ამბობს, რომ ქართული ოცნება ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ხოლო 21% ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა მეხუთედი 18% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
ასევე ყოველი მეხუთე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი - 21% ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. NDI-ის ცნობით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
მოსახლეობის 17% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, 5% ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა. 57%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, 10% ამბობს, რომ არ იცის, 7% კი პასუხზე უარს ამბობს.
მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც ხმას მისცემდნენ საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს.
კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 34% ამბობს, რომ არცერთს, 26% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 9% პასუხზე უარს აცხადებს.
გამოკითხულთა 20% აცხადებს, რომ არჩევნებში ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 5% კი ნაციონალურ მოძრაობას.
NDI-ის ცნობით, ქართული ოცნების მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 25% 55+ ასაკობრივ კატეგორიაშია, 17% 35-54 წლისაა, ხოლო 18-34 წლის 8%.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტს. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.