NDI-ის დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ანგარიშს აქვეყნებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ, რომელმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ანგარიში მოამზადა, არჩევნებთან დაკავშირებით მხარეებს პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს.
ამ პრიორიტეტების შესრულება კი, მათი თქმით, ხელს შეუწყობს თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნასა და 2024 წლის არჩევნების საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასებას.
ეს პრიორიტეტებია:
- პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ საჯაროდ ცნოს სხვა აქტორების, მათ შორის განსხვავებული ხედვების მქონე მხარეთა, ლეგიტიმურობა და პროაქტიულად აღიაროს, რომ დემოკრატიული არჩევნების არსი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა პატივისცემაა. ამასთანავე, შეწყდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მტრული რიტორიკა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობები.
- საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებმა, დაგმონ ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი თავდასხმები, რათა არჩევნებში ყველა მოქალაქის თავისუფალი მონაწილეობა უზრუნველყონ.
- საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა საჯაროდ აღიარონ, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები სანდო საარჩევნო პროცესებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები, მიგნებები და რეკომენდაციები არჩევნების სანდოობის ხელშეწყობას ემსახურება.
- პოლიტიკურმა პარტიებმა, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტქი+ თემის, წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენებისგან ან გაშუქებისგან და ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მიზოგინიური თავდასხმებისგან.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მისი როლის გამჭვირვალობა; აგრეთვე, კენჭისყრის ფარულობისადმი ნდობის გაძლიერების მიზნით, უპასუხოს სამინისტროს საქმიანობის ირგვლივ არსებულ ეჭვებს.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მედია საშუალებებმა საკუთარ პროგრამებში ჩართონ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი სპექტრი. ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, რომ ჩაერთვებიან როგორც თანამოაზრე, ისე განსხვავებული პოზიციების მქონე მედიის გადაცემებში და მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში.
- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია.
- სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა.
- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით.
- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება.
დელეგაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ხოლო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანდატია, საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული ნორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება, ამომრჩეველთა ინფორმირება და წინასაარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის პასუხისმგებლობაც არის.
წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 19–25 თებერვალს იმყოფებოდა. NDI-ის ცნობით, ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ანტიკორუფციული ბიუროსა და ცესკოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.