ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიწვიეს. ალიანსის 75-ე საიუბილეო შეკრებაზე არ იქნება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი განმარტავს, რომ სამიტის ფორმატი კონკრეტულად საქართველოს საკითხს არ ეხება, ამიტომ ქვეყანა საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე იქნება წარდგენილი.
"სამიტზე მიწვეულია საქართველოც, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. არ არის კონკრეტული ფორმატი, რომელიც კონკრეტულად საქართველოზე იქნება ორიენტირებული. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაპატიჟა კოლეგები პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, რათა შეუერთდნენ მას სამუშაო სესიებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იქნება წარმოდგენილი როგორც ეს იყო ვილნიუსში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. საქართველო რჩება ღირებულ პარტნიორად მრავალი წელია", - თქვა მან.
ამერიკის ხმას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმაც დაუდასტურა, რომ თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა.
ამერიკის ხმის კითხვას, არიან თუ არა სამიტზე მიწვეულები საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს:
"პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად", - აღნიშნულია პასუხში.
ამერიკის ხმამ სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, მიიღო თუ არა ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება. მილერმა პასუხად თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე დააბრუნოს.
"საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული", - თქვა მეთიუ მილერმა.
NATO-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.