
NATO-ს ჰააგის სამიტზე ჩრდილოატლანიკური ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება.
დეკლარაციაში არ არის ნახსენები 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან.
მეტიც, ჰააგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოზე ჩანაწერი საერთოდ არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში, გასული წლებისგან განსხვავებით, საქართველო მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები, წელს კი - მასზე ჩანაწერი არაა.
დღეს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოები კვლავ ადასტურებენ ურყევ ერთგულებას "კოლექტიური თავდაცვის მიმართ, როგორც ეს ჩაწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლში, რომ ერთზე თავდასხმა - ყველაზე თავდასხმაა".
"ჩვენ ვრჩებით ერთიანი და ურყევი ჩვენს მზადყოფნაში, დავიცვათ ერთი მილიარდი მოქალაქე, დავიცვათ ალიანსი და ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია", - ნათქვამია დეკლარაციაში.
ამასთან, NATO-ს წევრი სახელმწიფოები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხედ - რუსეთს ასახელებენ. ამ და ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინაშე, მოკავშირები იღებენ ვალდებულებას, რომ 2035 წლისთვის, ყოველწლიურად განახორციელონ მშპ-ის 5%-ის ინვესტირება თავდაცვის ძირითად მოთხოვნებაზე.
"ეს ინვესტიციები უზრუნველყოფს, რომ გვქონდეს ძალები, შესაძლებლობები, რესურსები, ინფრასტრუქტურა, საბრძოლო მზადყოფნა და მედეგობა, რაც საჭიროა შეკავებისა და თავდაცვისთვის, ჩვენი სამი ძირითადი ამოცანის – შეკავებისა და თავდაცვის, კრიზისის პრევენციის, მართვის და ერთობლივი უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნულია დეკლარაციაში.
დეკლარაციის თანახმად, 5%-იანი ვალდებულება მოიცავს თავდაცვის ინვესტიციების ორ აუცილებელ კატეგორიას: მოკავშირეები გამოყოფენ მშპ-ის მინიმუმ 3.5%-ს ყოველწლიურად, 2035 წლისთვის, ძირითადი თავდაცვითი მოთხოვნების რესურსების უზრუნველსაყოფად და NATO-ს შესაძლებლობების მიზნების მისაღწევად, ხოლო - მშპ-ის 1.5%-მდე გამოყოფენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ქსელების დასაცავად, სამოქალაქო მზაობის და მედეგობის უზრუნველსაყოფად, ინოვაციების დასანერგად და თავდაცვით-მრეწველობის ბაზების გასაძლიერებლად.
NATO-ს წევრი სახელმწიფოები კვლავ ადასტურებენ თავიანთ ურყევ სუვერენულ ვალებულებას უკრაინის მხარდასაჭერად, რომლის უსაფრთხოებაც ხელს უწყობს NATO-ს უსაფრხოებასაც და ამ მიზნით, მოკავშირეები თავთაცვითი ხარჯების გაანგარიშებისას გაითვალისწინებენ პირდაპირ წვლილს უკრაინის თავდაცვისა და მის თავდაცვით ინდუსტრიაში.
ალიანსი კვლავ ადასტურებს ვალდებულებას, სწრაფად გააფართოოს ტრანსატლანტიკური თავდაცვითი ინდუსტრიული თანამშრომლობა და გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციური სულისკვეთება კოლექტიური უსაფრთხოების წინსვლისთვის.