"NATO-ს ასპირანტი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომში NATO-ს ადანაშაულებს" - POLITICO

"NATO-ს ასპირანტი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომში NATO-ს ადანაშაულებს" - POLITICO

"NATO-ს ასპირანტი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომში NATO-ს ადანაშაულებს" - ამ სათაურით გამოცემა POLITICO სტატიას აქვეყნებს და პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლას ეხმაურება.

გამოცემა წერს, რომ ღარიბაშვილი ახმოვანებს კრემლის განცხადებებს, რითაც ხსნის უკრაინაში შეჭრას. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ეს განცხადებები კიდევ ერთი ნიშანია, რომ თბილისი შორდება დასავლეთს.

"GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი "NATO-ს გაფართოება იყო...უკრაინის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი".

2022 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ყოვლისმომცველი თავდასხმის ბრძანების გაცემამდე, დასავლური ჯარების მხრიდან რუსეთის საზღვრების დარღვევა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნარატივის მთავარი ნაწილი იყო", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთმა ქვეყანაში ომი დაიწყო, საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი გახდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ იმავე წლის დასაწყისში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ამომრჩეველთა 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ რეფერენდუმის შემდეგ ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, თუმცა სტატიის ავტორის თქმით, "მას შემდეგ საქართველოს NATO-ში გაწევრებასთან დაკავშირებით პროგრესი შეჩერდა".

***

ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.

უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა.

გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.

"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.