ავიაკომპანია Myway Airlines-ის განცხადებით, ამჟამად სუდანში მათი 13 თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ზონაში არიან.
კომპანიის განცხადება:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სუდანში მიმდინარე მოვლენებს და შეგატყობინოთ სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის თაობაზე.
სამსახურებრივი მივლინებით სუდანში იმყოფება ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსის 13 თანამშრომელი (პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი). გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ვცდილობთ დავგეგმოთ ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია ჯეო სქაიდან, რომელთა თანამშრომლებიც ასევე იმყოფებიან სუდანში.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟი სუდანში იმყოფება ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსსა და სუდანის ერთ-ერთ ადგილობრივ ავიაკომპანიას შორის არსებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ეკიპაჟი სამგზავრო რეისებს ასრულებს ავიაკომპანია მაივეი ეარლაინსის სუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით".
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 1 000-ზე მეტი.
შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.