ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის გარშემო პოზიციები აღადგინეს.
"ოკუპანტები ქალაქ ბახმუტზე შტურმს აგრძელებენ და წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ატარებენ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ორეხოვო-ვასილევკას მხარეში. უკრაინის ჯარებმა ბახმუტის ირგვლივ პოზიციები აღადგინეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ბახმუტის გარკვეულ რაიონებში საოკუპაციო ნაწილები შესამჩნევად ნერვიულობენ და მათ სულ უფრო ნაკლები დრო და ადამიანური რესურსი აქვთ.
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა ბოლო თვეებია აქტიურად მიმდინარეობს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსულ ძალებს ბახმუტის რეგიონში დიდი სამხედრო დანაკარგები აქვს. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები ავდეევკას ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობებს არ წყვეტენ.