IDFI: 49 მოსამართლემ 2020-2022 წლებში 5 მილიონის საჩუქრები მიიღო

IDFI: 49 მოსამართლემ 2020-2022 წლებში 5 მილიონის საჩუქრები მიიღო

49 მოსამართლემ 2020-22 წლებში 5 მილიონის საჩუქრები მიიღო. ამის შესახებ კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, ამ წლებში 3 მილიონი ლარის საჩუქარი მიღებული აქვთ დეკლარანტ მოსამართლეებს, ხოლო 2 მილიონი ლარის - მათი ოჯახის რომელიმე წევრს. გარდა ამისა, საჩუქრების 91% (4,5 მილიონი ლარი) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (430 ათასი ლარი) ისეთი ნათესავისგან, რომელთაგან საჩუქრის მიღება კანონმდებლობით შეზღუდულია, ხოლო 1% (33.4 ათასი ლარი) სხვა წყაროდან.

დოკუმენტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიდან ამ წლებში საჩუქარი მიიღო მხოლოდ ევა გოცირიძემ, კერძოდ, ოჯახის წევრისგან 19.6 ათასი ევრო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან მშობლებისგან ძვირადღირებული საჩუქარი მიიღეს ალექსანდრე წულაძემ (მიწის ნაკვეთი) და გიორგი მიქაუტაძემ (100 000 დოლარი). ამასთან, 2020-2022 წლებში 18 მოსამართლის მიერ მიღებული საჩუქრების ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ მიხეილ ჩინჩალაძეს ოჯახის წევრებს, ცოლსა და შვილს ამ წლებში ცოლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით 68.8 ათასი დოლარი და 2.3 ათასი ლარი გამოუგზავნა.

IDFI-ის განცხადებით, მონიტორინგის ფარგლებში, მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 7 შემთხვევაა გამოვლინდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსამართლეების დეკლარაციები არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას საჩუქრის მიმღებსა და გამცემ შორის კავშირებზე.

"კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ 2020-2022 წლებში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს. ასევე, კვლევაში წარმოდგენილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებული იყო საჩუქრის მიმღები თანამდებობის პირის და საჩუქრის გამცემი პირის კავშირებთან, საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების ბუნდოვან წარმომავლობასთან და სხვა, ეჭვებს აჩენდა მთელი რიგი შემთხვევების კანონიერებასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

IDFI-ის შეფასებით, მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოს კანონმდებლობის რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. მაგალითად, კანონი ზღუდავს საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიერ გარკვეული საჩუქრების მიღებას, თუმცა ამ ნორმის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არ არის დადგენილი.

"IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების, მათ შორის მოსამართლეების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას", - ნათქვამია კვლევაში.