
IDF-მ მორიგი იერიში ამჯერად ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) შტაბ-ბინაზე მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ამ დროისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ირანის რეჟიმის რაკეტების გამშვების სისტემებისა და წარმოების შესაძლებლობების დაზიანებასა და შემცირებას", - განაცხადა IDF-ის პრესმდივანმა ეფი დეფრინმა.
ასევე ხდება ცნობილი, რომ ისრაელის იერიშის მორიგი სამიზნე გახდა თეირანში მდებარე ევინის ციხე.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში ნათლად ჩანს კვამლის ღრუბელი, რომელიც ციხის შესასვლელიდან ამოდის.
ევინის დაკავების ცენტრი ცნობილია ადამიანის უფლებების დარღვევის ხანგრძლივი ისტორიით. ირანში დაკავებული პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები და მუსიკოსები სასჯელს ხშირად სწორედ ამ ციხეში იხდიდნენ.