IDF-ის სპიკერი: ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მძევლების დაბრუნება მოხდეს, ამას დრო დასჭირდება

IDF-ის სპიკერი: ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მძევლების დაბრუნება მოხდეს, ამას დრო დასჭირდება

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

"როდესაც საქმე მძევლების დაბრუნებას ეხება, ისრაელის თავდაცვის ძალები უსაფრთხოების აპარატთან ერთად მუშაობს 24 საათის განმავლობაში, სადაზვერვო, ოპერატიულ, სამოქალაქო დონეზე.

ჩვენ ხელიდან არ გაგვიშვია არც ერთი შესაძლებლობა და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ პირველ რიგში, მძევლების დაბრუნება მოხდეს. ყველაფერი დანარჩენი არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ვიდეოჩანაწერების სახით ვრცელდება. როდესაც რეალური სადაზვერვო ინფორმაცია გვექნება, პირველ რიგში, მას მძევლების ოჯახებს მივაწვდით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება. ამას დრო დასჭირდება", - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 242 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.