არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონით გაიზარდა და ჯამში 18 მილიონამდე შეადგინა.
ორგანიზაციის ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ ტენდერი 2023 წლის 12 აპრილს გამოაცხადა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17,221,286 მილიონი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ჯეუ გრუპმა გამოთქვა, რომელმაც შეთავაზებული 16 529 440 ლარით აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა კიდეც.
"2023 წლის 11 აგვისტოს ცვლილებით ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ავტოტრანსპორტის გადაადგილების პროექტი დასახელდა. პროექტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშოები შესაბამისობაში არ მოდიოდა ქუჩის რეაბილიტაციის თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვასთან.
ამის შემდეგ, 2023 წლის 28 ნოემბერს, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სამუშაოების მოცულობა დაზუსტდა და ის საბოლოოდ ჯამში 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარი გახდა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გახანგრძლივდა და ოფიციალურად 4 დეკემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მერიამ კომპანია ჯამში 3-ჯერ დააჯარიმა სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო - ჯამში, 32 500 ლარით.
"კომპანიის მფლობელები არიან მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები. 2017 წლის აგვისტოში, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, შპს ჯეუ გრუპის მფლობელებმა 25-25 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. წარსულში ეს კომპანია ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო. მაგალითად: 2019 წელს, როცა კომპანია კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს ჯეუ გრუპი გააკრიტიკა და თქვა რომ: “ის რაც კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზებზე ხდებოდა იყო სრული კატასტროფა".
აგრეთვე ეს კომპანია თბილისში ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, რომელიც დაგეგმილზე 9 თვით გვიან დასრულდა, ხოლო უშუალოდ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კი არა ერთი ხარვეზი გამოვლინდა, რამაც აგრეთვე კითხვის ნიშნები გააჩინა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე", - აცხადებენ ფლანგვის დეტექტორში.