ვილნიუსში NATO-ს სამიტის დასასრულს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, დიდი შვიდეულის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
დიდი შვიდეულის ქვეყნების დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში. ასევე, წვრთნებს უკრაინელი ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან.
დეკლარაციაზე ხელის მოწერის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ქვეყანაში ბრუნდება მნიშვნელოვანი გამარჯვებებით, რაც უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებას უკავშირდება. მან პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
"დღეს გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის NATO-სკენ მიმავალ გზაზე და უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენი დელეგაცია ბრუნდება მნიშვნელოვანი გამარჯვებებით ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ბავშვების უსაფრთხოებისთვის. ეს გვიხსნის აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს უსაფრთხოებისთვის და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა, რომლის მთავარი საკითხიც უკრაინის პოტენციური წევრობა იყო. NATO ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა კომუნიკეც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელების პროცესში მომავალი წევრობის გზაზე და შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინა მიიწვიონ NATO-ში გაჩნდება მას შემდეგ, რაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და დაკმაყოფილდება პირობები.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ალიანსმა უკრაინისთვის გააუქმა MAP-ის მოთხოვნა და უკრაინის წევრობის გზა 1-ნაბიჯიან პროცესად იქცა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი შეთანხმდა უკრაინისთვის 3-წლიან პრაქტიკული დახმარების პროგრამაზე, რომელიც ქვეყანას ალიანსთან კიდევ უფრო დააახლოებს.
გენმდივნის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება NATO-უკრაინის საბჭო სადაც ალიანსის წევრი ქვეყნები და უკრაინა თანასწორები იქნებიან.