Financial Times: აშშ G7-ის განცხადებაში ომის შესახებ "რუსული აგრესიის" წოდებას უარყოფს

Financial Times: აშშ G7-ის განცხადებაში ომის შესახებ "რუსული აგრესიის" წოდებას უარყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესორად წოდებას G7-ის განცხადებაში მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის მესამე წელს, რაც ერთიანობის ტრადიციული დემონსტრირების ჩაშლაზე მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Financial Times-იხუთ დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, G7-ის ვირტუალურ სამიტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზეც შეთანხმება არ ყოფილა.

როგორც გამოცემა წერს, უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა და გამოთქვა სურვილი იმის შესახებ, რომ რუსეთი G7-ში ისევ მიიწვიონ.

Financial Time-ის ინფორმაციით, G7-ში შეერთებული შტატების წარმომადგენლები "რუსული აგრესიისა" და მსგავსი ფრაზების გამოყენებას ეწინააღმდეგებიან, რომელთაც G7-ის სხვა ლიდერები 2022 წლიდან კონფლიქტზე საუბრისას იყენებენ.

„ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა იყოს განსხვავება. ისინი არ არიან ერთი და იგივე, - განუცხადა Financial Times-ს ამ საკითხზე ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.

კიევში აშშ-ის საელჩომ კომენტარზე უარი განაცხადა. რუსეთის აგრესია G7-ის ლიდერების გასული წლის განცხადებაში ხუთჯერ იყო მოხსენიებული.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიის ომი დ სრულად და უპირობოდ გამოიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან", - ეწერა 2024 წლის განცხადებაში.

წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს, შერბილდეს ენობრივი ფორმები და აღიწეროს ომი, როგორც "უკრაინის კონფლიქტი", რაც Financial Times-ის შეფასებით, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს.

მსგავსი ფრაზებია გამოყენებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებებშიც, მათ შორის, ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში რუსეთის საგარეო მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრასთან დაკავშირებით. განცხადებაში "კონფლიქტი უკრაინაში" ორჯერაა ნახსენები.

სტატიაში აღწერილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებები ომთან დაკავშირებით განსხვავებული იყო. ის ხშირად მოიხსენიებდა მას, როგორც "რუსეთის აგრესია".