ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ემზადება, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
ამ ინფორმაციას გამოცემა 4 საკითხთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ორშაბათს, 29 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა ზალუჟნის ომის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობდა, თუმცა გენერალმა შეთავაზებაზე უარი თქვა.
"ორმა წყარომ განაცხადა, რომ ზელენსკიმ მკაფიოდ მიახვედრა ზალუჟნის, რომ იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ის ახალ თანამდებობაზე შეთავაზებას, ის გათავისუფლებული იქნება ამჟამინდელი პოზიციიდან", - წერს FT.
ამასთან, ოთხივე წყარო ამბობს, რომ პრინციპული გადაწყვეტილება ზალუჟნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკვე მიუღებულია, თუმცა იმის გამო, რომ ინფორმაციამ მედიაში უკვე გაჟონა, შესაძლოა ფორმალურად გადაწყვეტილების გამოცხადების დრომ გადაიწიოს.
FT-ის ვერცერთი წყარო ვერ ასახელებს, კონკრეტულად ვის დანიშნავენ ზალუჟნის თანამდებობაზე.
29 იანვარს, უკრაინულ მედიასა და ტელეგრამ არხებში ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, "ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არსებობს".
ჟურნალისტებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანს, სერგეი ნიკიფოროვს ჰკითხეს, გაათავისუფლეს თუ არა ზალუჟნი თანამდებობიდან, რაზეც მან უპასუხა: "არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი".
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროც. უწყებამ ტელეგრამზე დაწერა: "ვპასუხობთ ყველას - არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება".