FDA-ს წარმომადგენელი: მხარს ვუჭერ სამეცნიერო არგუმენტებზე დაფუძნებულ ინოვაციებს

FDA-ს წარმომადგენელი: მხარს ვუჭერ სამეცნიერო არგუმენტებზე დაფუძნებულ ინოვაციებს

საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა 24-26 სექტემბერს ზიანის შემცირებისა და პასუხისმგებლიანი ინოვაციის საკითხებზე სადისკუსიოდ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, მეცნიერებს, მარეგულირებლებსა და პოლიტიკოსებს უმასპინძლა.

კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა დოქტორმა ბრაიან კინგმაც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში თამბაქოსა და საკვების უვნებლობის ადმინისტრაციის (FDA) თამბაქოს პროდუქტების ცენტრის დირექტორია. მოხსენება შეეხებოდა FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის ძირითად მიზნებს, რომლის ფარგლებშიც დოქტორმა კინგმა ისაუბრა თამბაქოს რეგულაციების დახვეწასა და განვითარებაზე, პროდუქტების სააპლიკაციო განაცხადების დროულად და ცხადი კრიტერიუმებით გადახედვის უზრუნველყოფაზე, აღსრულების მექანიზმების გაძლიერებაზე, თამბაქოს პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებაზე. ბრაინ კინგმა აღნიშნა, რომ დაინტერესებული მხარეებისთვის, ინდუსტრიის ჩათვლით, იმპლემენტაციის პროცესში არსებობს საჯარო შეხვედრების, მოსმენებისა და კონფერენციების საშუალებით მონაწილეობის შესაძლებლობა.

მოხსენების შემდეგ ჰკითხეს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მარეგულირებლებისთვის, როცა საქმე ეხება ინდუსტრიის ინოვაციებს.

„მხარს ვუჭერ ინოვაციებს, თუმცა, როგორც მეცნიერი მივიჩნევ, რომ ეს ინოვაციები სამეცნიერო არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს. ამავდროულად აღვნიშნავ, რომ ინოვაციები არ უნდა შევაფერხოთ იმის გამო რომ ჯერ ის სრულყოფილი არაა“, - განაცხადა კინგმა. მან იქვე განმარტა, რომ ინფორმირებულია ინდუსტრიაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოების შესახებ და ელის მეტი პროგრესისა და შედეგის ხილვას.

FDA-ს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რისკებს, რასაც მარეგულირებლები ხედავენ ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, დამოკიდებულების რისკის მატება არასრულწლოვნებსა და იქამდე არამომხმარებლებს შორის.

„რისკის შემცირება ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ვიცი, რომ ინდუსტრიაში ზოგი მუშაობს ახალ ტექნოლოგიებზე, მათ შორის ასაკის კონტროლის კუთხით, რაც დამაიმედებელია,“ - აღნიშნა მან და იქვე დაამატა, რომ ახალგაზრდებში პრევენციაზე ზრუნვა აუმჯობესებს რისკებისა და სარგებლის ბალანსს.